პიერ ბურდიეს ”On Television”

ბურდიეს ლექციებმა ტელევიზიის შესახებ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჟურნალისტურ წრეებში.თავად ავტორმა ბევრჯერ აღნიშნა,რომ მისი კრიტიკა პერსონალურად არავის წინააღმდეგ არ იყო მიმართული.ბურდიემ ეს რეაქციები ახსნა ჟურნალისტების დამოკიდებულებით_ისინი ანალიზიდან არჩევენ მხოლოდ დასკვნებს და უგულებელყოფენ იმ მეთოდებს,რომელთა საშუალებითაც იგება ლოგიკური ჯაჭვი.მედია სივრცეში აზრობრივი და რაციონალური დავების არარსებობა ავტორისთვის ცხადზე ცხადია.ამიტომ, ერთ-ერთი ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ, მან დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.ბურდიესთვის მნიშვნელოვანია ,რომ ოპონენტმა გაიაზროს გამოყენებული მეთოდები.
ჟურნალისტური მოღვაწეობა ხდება სკანდალებზე ორიენტირებული.ეს ჰგავს ”ილიადის ” ერთ-ერთი პერსონაჟის,თერსიტეს იმიჯის დამკვიდრებას.პოლიტიკის პერსონალიზირებას ,საბოლოოდ,დეპოლიტიზირებამდე მივყავართ.ჟურნალისტებს უჩნდებათ ცინიკური დამოკიდებულება პოლიტიკური სფეროს მიმართ.ეს ბუნებრივია,რადგან ინდივიდებზე აქცენტის გაკეთებით,რეალური სურათი გარეგნული გამოხატულებებით იჩრდილება.წარმოიშობა პოლიტიკისადმი ცინიკური დამოკიდებულება.ჟურნალისტები ამავე დროს აფართოებენ სოციალურ უფსკრულს,რომლის ერთ-ერთ მხარეს თავადაც იმყოფებიან.
პოლიტიკური ივენთების არალოგიკური და აბსურდული თანმიმდევრობა ერთი საერთო პრობლემაა.რეალურად,არ არსებობს ლოგიკური ჟაჭვი ახალი ამბების გარკვეულ ნაწილებს შორის.ამ დროს კი ხდება იმ მნიშვნელოვანი ნიუანსების გამოტოვება,რომლებიც არც თუ ისე ახლო მომავალში შეიძლება დიდი შედეგები მოიტანონ.ჟურნალისტები ,ძირითადად ,აქცენტს ისეთ მოვლენებზე აკეთებენ,რომელთა ეფექტურობის შემოწმება მოკლევადიან პერიოდებშია შესაძლებელი.ისინი ეძებენ რა უახლეს ინფორმაციას,ახალი ამბების გამოშვებას უბედურებებისა და კატასტროფების სერიებად აქცევენ.მაყურებელს ექმნება წარმოდგენა,რომ ისტორიაზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია და პასიურობა ერთადერთი სწორი არჩევანია.ტელევიზია შემაზრზენი ივენთებით ემსახურება არა საზოგადოების მობილიზაციას,არამედ ქვეტექსტეულად აგზავნის მესიჯებს,რომ ძალადობის შეცვლა შეუძლებელია,რომ ის ყველგან არსებობს.
უფრო ფართო გადასახედიდან,ტელევიზია არის საფრთხე კულტურული პროდუქციის წარმოების ყველა სფეროსთვის და ამასთანავე,დემოკრატიისა და პოლიტიკისათვის.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლექციის სტილის შენარჩუნებას,რომელიც უნდა ემსახურებოდეს საგნების დამოუკიდებელი კომუნიკაციური კოდის შენარჩუნებას(“critique of images through images” ).
ბურდიეს აზრით,შესაძლებელია,წამოყენებულ იქნეს სპეციალური პირობები:
1.დროის ლიმიტის არარსებობა.
2.საკუთარი თემის ფლობა(ანუ შენ დამოუკიდებლად ირჩევ თემას,რომელზეც ისაუბრებ.ჟურნალისტი არ ახდენს შენზე ზემოქმედებას და არ გაწუხებს ”სულელური”,ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილი კითხვებით).
3.არ არსებობს არანაირი მორალური შეზღუდვა.ამასთანავე,არავინ გაიძულებს გაამარტივო მსჯელობის საგანი.
ბერკლი ამბობდა,რომ ”არსებობდე ნიშნავს იყო შეცნობილი...” ,ანუ ბევრისთვის, ამ შემთხვევაში, შეცნობა გულისხმობს ტელევიზიაში გამოჩენასა და საკუთარი ”საუკეთესო ნაწილის” გამოფენას.ზემოთ ნახსენები მოვლენა ერთგვარი ნარცისული ექსჰიბიციონიზმია.ამ დროს ადამიანები ივიწყებენ საკითხის არსს და ცდილობენ საკუთარი თავის წარმოჩენას.ეს ეხება ინტელექტუალური სფეროს მუშაკებსაც.თუმცა ბურდიეს აზრით, აღმოჩენებისა და ნოვაციების გაზიარება მეცნიერების ერთ-ერთი ვალდებულებაა.საქმე ისაა,რომ გამოსავლის ძიების მცდელობები ,ფაქტობრივად ,არ არსებობს.ამიტომ მართებული იქნება,თუ ტელევიზიაში მიწვეული ყველა სტუმარი საკუთარ თავს შემდეგ კითხვებს დაუსვამს:მაქვს კი რამე სათქმელი?შემიძლია ამის თქმა მოცემულ სიტუაციაში?ღირს კი ამად?
დილემებთან მივყავართ ცენზურის არსებობასაც.ალბათ ყველაზე დაფარული და ძნელად ამოსაცნობი თვითცენზურაა,ანუ ხალხი თავად ეწევა საკუთარი თავის ცენზურას.ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების როლი თითქმის თანაბარია.საუბარი არაა,სტრუქტურაზე განხორციელებულ ეკონომიკურ გავლენებზე,არამედ იგულისხმება მეპატრონეების კერძო ფინანსური ან პოლიტიკური ინტერესები.
ტელევიზიის მიერ საზოგადოებაზე განხორციელებული გავლენებიდან აღსანიშნავია სიმბოლური ძალადობის ფენომენი.ამის მაგალითად შეიძლება სენსაციონალიზმიც ჩავთვალოთ.საზოგადოების რაღაც ნაწილს კატეგორიულად არ იზიდავს ამგვარი გარემო ,რის გამოც წამოიქმნება ერთგვარი ჯგუფები,რომლებიც სერიოზულ გამოცემებს კითხულობენ.
განვიხილოთ სტრუქტურის შემადგენელი ელემენტები.ჟურნალისტები შეიარაღებულნი არიან სპეციალური სათვალეებით,რის საჭიროებასაც თავად სამუშაოს სპეციფიკა მოითხოვს.ეს დაკავშირებულია სამყაროს აღქმის თავისებურ სტილთან.მედიის მუშაკები დაეძებენ საგნებს და არქმევენ მათ სახელებს.რეალურად,საგნები არსებობას იწყებენ სწორედ ამგვარი,ხშირად არასწორი, იდენტიფიკაციის შედეგად.ტელევიზია ქმნის რეალობის ფორმას,რომელშიც წარმოიშობა დაპირისპირებული ჯგუფები(ახალგაზრდები და ხანშიშესულები,ადგილობრივები და ჩამოსულები და ა.შ.).მათ შეუძლიათ მობილიზება.
ჟურნალისტური მუშაობის ერთ-ერთი მადეტერმინეზებელი ფაქტორი კონკურენციაა,მაგრამ რეალურად,ხდება ერთი და იმავე ინფორმაციის წრებრუნვა.ასეთ სარკეებით თამაშს ,ანუ ინფორმაციის ცირკულირებას,მენტალურ უძრაობამდე მივყავართ.ახალი იდეის აღქმას გონებრივი ძალისხმევა სჭირდება,ამიტომ ჟურნალისტები აუდიტორიის ღირებულებების საამებლად იმავე ღირებულებების პროპაგანდას იწყებენ.ისინი ხდებიან სრულიად რეიტინგზე დამოკიდებულნი.მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებიდან და 30 წლის წინათაც მოულოდნელი საბაზრო წარმატება აღძრავდა ეჭვს,რომ გაკეთდა ფარული შესაწირები დროისა და ფულის სასარგებლოდ.თანამედროვე დროში წარმოდგენები შეიცვალა_ბაზარი გახდა ლეგიტიმურობის საშუალება,ყველაფერი გადავიდა მარკეტინგზე.ჟურნალისტებს ავიწყდებათ,რომ შესაძლებელია,თავად ”შექმნა ” აუდიტორია.
ტელევიზიაში ადამიანებს მუშაობა უწევთ დიდი პრესისა და სწრაფი ფიქრის პირობებში.აღნიშნული საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია.პლატონი გამოარჩევდა ფილოსოფოსებს(რომელთაც ჰქონდათ დრო)აგორის წევრებისგან(რომლებიც იმყოფებოდნენ აგორაზე და იძულებულნი ხდებოდნენ მუდმივად ჩქარა ელაპარაკათ დროის ამოწურვის მოლოდინში).სწრაფად მოლაპარაკეები საუბრობდნენ კლიშეებით,უკვე ”მიღებული ”იდეებით”.ამგვარი ბანალობის გადაყლაპვა ყველას შეუძლია,მაგრამ ეს არაა კომუნიკაცია.არსებობენ ადამიანები,რომელთაც შეუძლიათ მსგავსი კულტურული ”ფასტ ფუდის” შემოთავაზება აბსურდული დებატების პირობებში.ესეთი დებატების მთავარი ნიშანი მოდერატორის არსებობაა.იგი სვამს აბსურდულ შეკითხვებს , მისი საუბრის არავერბალურ კომპონენტებზე დაყრდნობით კი ჩვენ შეიძლება გამოვიტანოთ სიმბოლური ძალადობის დასკვნები.დამალული სემანტიკა სრულიად ცვლის გარეგნულ სინტაქსს(ბურდიეს მოცემული აქვს ბევრი მაგალითი,თუ როგორ ხდება ჟესტებით,რეპლიკებითა და შორისდებულების წამოსროლით გავლენის მოხდენა_გ.ც.).ამ დროს აღსანიშნავია უთანასწორობის იდეის ამოტივტივება_დამსწრეების ნაწილი პროფესიონალი მოსაუბრეა,მეორე ნაწილი კი უბრალოდ მოყვარული.ამ უკანასკნელთა გამოსვლები ხშირად მნიშვნელოვან ნიუანსებს შეიცავს,თუმცა წამყვანები მუდმივად ცდილობენ მათ შეჩერებას.დემოკრატიული იდეის დამახინჯება სრულიად აშკარაა.
ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტი სრულიად ხილული და ,აქედან გამომდინარე,შედარებით ადვილად აღსაქმელია.კვლევის საგნის მეორე დონის განხილვისას,უნდა აღვნიშნოთ იმ ადამიანების შერჩევის პროცესი,რომლებმაც გადაცემაში მიიღონ მონაწილეობა.
ლუდვიგ ვიტგენშტეინის ”ენების თამაში”(language games) ამ შემთხვევაშიც გამოგვადგება.ნებისმიერი სოციალური გარემო,სადაც მიმდინარეობს დისკურსის ცირკულირება ,შეთანხმებულია რაღაც ნაგულისხმევი წესების მიხედვით_ხდება ერთი რამის თქმა და მეორის აკრძალვა. შესაბამისად,არსებობენ ”კარგი ” და ”ცუდი ” სტუმრები.
კიდევ ერთი დამალული მხარე მოდერატორის უნებური,გაუცნობიერებელი კითხვებია,რომელთაც საქმესთან არაფერი ესაქმებათ.მათ უკვე უპასუხეს.
ტელევიზია როგორც კომუნიკაციის ინსტრუმენტი ნაკლებად ავტონომიურია,რაც დაკავშირებულია კონკურენციულ და შემთანხმებელ ურთიერთობებთან(საერთო პერცეპციების,ბექგრაუნდის,კოგნიტური სტრუქტურების ერთიანობის საფუძველზე).60-იან წლებში სოციოლოგები ვარაუდობდნენ ტელევიზიის მიერ ყველაფრის ”გამასობრიობას”.მათ ვერ შეაფასეს მაყურებლების წინააღმდეგობის უნარი.ყველაზე მეტად მათ ვერ განსაზღვრეს ტელევიზიის ძალა,რომლითაც იგი დიდ გავლენას ახდენს კულტურულ პროდუქციაზე(მეცნიერებასა და ხელოვნებაზე). არსებობს დაპირისპირებულობა იმ მდგომარეობას შორის,რომლიდანაც ინსპირირებულნი არიან თანამედროვე მეცნიერება და ხელოვნება,და იმ საშუალებებს შორის,რომლითაც ეს ყველაფერი სხვა ადამიანებამდე უნდა მიიტანო.ტელევიზია ამას აძლიერებს და აქცევს ბაზრის წნეხის ქვეშ .
დაძაბულობა არსებობს ჟურნალისტიკის შიგნითაც_ერთნი ემორჩილებიან ბაზარს,მეორენი კი უარყოფენ.
ჟურნალისტების საქმიანობა ძალიან რთულია.ცხოვრების შუალედის კრიზისმა,რომელიც 40 წლიდან აღინიშნებოდა, 30 წლამდე გადაიწია(ამ დროს შენ აანალიზებ,რომ შენი სამუშაო არ არის ის ,რაც გინდოდა).იმედგაცრუებას ამძაფრებს შეუსაბამობა სამუშაოს ნამდვილ სპეციფიკასა და ჟურნალისტურ კოლეჯებში ნასწავლ ღირებულებებსა და უნარებს შორის . თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს კოლექტიურ ამბოხებასა და ბაზარზე უარის თქმას. ტელევიზიაში ინდივიდუალები არიან ”საჭიროების თოჯინები”,იმ სტრუქტურის თოჯინები,რომლის შეცნობის აუცილებლობა უკვე სავსებით აშკარაა.
ჟურნალისტიკა დამოუკიდებელი სფეროა,რადგან მასში მიმდინარე პროცესების შეცნობა მხოლოდ გარეგანი ფაქტორების მიხედვით შეუძლებელია. ეკონომიკური ფაქტორებით დასკვნების გამოტანა ამაოა ,ანუ ,როგორც ბურდიე აღნიშნავს, ნახევრად გამომცხვარი მარქსისტული მატერიალიზმი საბოლოო ჯამში ვერაფერსაც ვერ ხსნის.
არსებობს ფაქტორები,რომლებიც ჟურნალისტებსა და მაყურებლებზე გაუცნობიერებლად და გაუაზრებლად მოქმედებენ;მაგალითად ,მოცემული ინსტიტუტის როლი ბაზარზე.ასევე მნიშვნელოვანია თავად ჟურნალისტების პოზიციის განსაზღვრა მედიაში.
ჟურნალისტიკა სტრუქტურირებული სოციალური სფეროა,რომლის შიგნითაც მიმდინარეობს აქტორებს შორის ბრძოლა და ,საბოლოოო ჯამში, მათ მიერ კონსტრუირებული სტრუქტურა განსაზღვრავს ინდივიდების როლსა და საერთო სტრატეგიებს. იმისათვის,რომ განსაზღვრო ჟურნალისტის ქცევა,საჭიროა იცოდე მის მიერ დაკავებული პოზიცია.ეს შეიძლება ბაზარზე წარმოდგენილი როლების გაანალიზებითაც გაკეთდეს,მაგრამ სიმბოლური პოზიციას დადგენა თითქმის შეუძლებელია.
მთავარი ნიშანი ნიუსებისამი გაზრდილი ინტერესია. სოციოლოგების ნაწილი ნიუსებსა და ანალიზს შორის არსებულს განსხვავებას რევოლუციურს უწოდებს,სხვებისთვის კი ეს უბრალო ამბავია.
ნიუსები აგებულია მიმღების პერცეპტუალური კატეგორიების მიხედვით,ანუ ისინი არავისთვის გამაღიზიანებელი არ უნდა იყოს. ტელევიზია აწოდებს ხალხის ისეთ ინფორმაციას,რომელიც არ შეუშლის ხელს მათ მენტალურ წარმოდგენებს(აქ ბურდიეს მოყავს ასეთი მაგალითი: მანემ მოაწყო რევოლუცია მეცხრამეტე საუკუნის ფერწერაში,მაგრამ თუკი მაგ დროს იარსებებდა ტელევიზია,ალბათ ყველა მოითხოვდა ახალი მხატვრული სტილისთვის უარის თქმას). ეს ყველაფერი შეიძლება სტრუქტურის,კონკურენციისა და იმ მექანიზმების ბრალია,რომელიც ზემოთ აღვწერეთ. ანდრე ჟიდი ამბობდა,რომ ღირსეული გრძნობები ქმნიან ცუდ ლიტერატურას.მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი აუდიენციის რეიტინგებზე დადებით გავლენას ახდენენ. ჟურნალისტები ზემოქმედებენ ღირებულებების გამტკიცებით_ისინი აკონტროლებენ სახალხო არსებობის მექანიზმებს. ძალიან ხშირად კი ”სახალხო მოღვაწეებისადმი” პატივისცემა ამ უკანასკნელთა ინტელექტუალურ ხარისხს აღემატება კიდეც.მედიის წარმომადგენლებს აქვთ სტრუქტურული დაქვემდებარებულობის სურვილი ინტელექტუალების მიმართ.მათ სურთ ამ ”აღმატებული ” კატეგორიის ადამიანებზე კონტროლის დაწესება.ამ დროს შერჩევის(selection) საბოლოო ეფექტი არის ცენზურა,რომლის შესახებაც თავად ჟურნალისტებმა არაფერი იციან.
50-იანი წლების ფრანგული ტელევიზია იყო ”კულტურული”,თუმცა ბურდიეს აზრით,არც ეს უახლოვდება დემოკრატიის იდეალს.ამგვარი ტელევიზია პატერნალისტურ-დემაგოგიური იდეალის განხორციელების მცდელობა უფროა.
მედიის სხვადასხვა საშუალებები ქმნიან ერთმანეთის სტერეოტიპებს,ანუ ერთგვარ სტრატეგიებს.ესაა ერთმანეთის პოლემიკური სახეები,რომლებიც ცვლიან ინდივიდის დაკავებულ პოზიციასაც. პრესის ჟურნალისტების პოზიციაც კი რადიკალურად იცვლება ტელევიზიაში გამოჩენით.პრესაში დაწყებული სკანდალის ლოგიკური განვითარება ტელევიზიამდე მიდის.ტელევიზიის სიმბოლური ძალის გაზრდის შედეგად ნიუსების სპეციფიკური ტიპი იპყრობს მთელს მედია სივრცეს.
ჟურნალისტიკა კულტურული პროდუქციის სხვა სფეროებისგან განსხვავებით უფრო მეტადაა დამოკიდებული ბაზარზე,რაც ასევე პოზიტიური და ნეგატიური სანქციების არარსებობაში გამოიხატება.მასზე ყველაზე დიდ გავლენას ეკონომიკური სფერო ახდენს. სოციოლოგია სწავლობს სწორედ ამ სტრუქტურებს.ისინი განაპირობებენ ინდივიდუალურ ქცევებს.
მორალურობა მუშაობს იმ შემთხვევაში თუ ის სტრუქტურის მიერაა მოთხოვნილი და მხარდაჭერილი.შეიძლება მანიპულაციებში კარგად ჩახედულმა ადამიანებმა შექმნან კიდეც რამე მოთხოვნა(თუმცა ბურდიე აღიარებს,რომ მისი იდეალი ახლოსაა უტოპიასთან).
ინტელექტუალური სფეროსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ჟურნალისტიკა წარმოადგენს. მასმედია ქმნის ინტელექტუალურ ავტორიტეტებს. ეს არის ძალაუფლების განხორციელების ერთგვარი ტიპი.სატელევიზიო ინტელექტუალებს ეძლევათ არსებობის საშუალება;ისინი ხდებიან ცნობილნი.
ეს შეიძლება იქცეს ერთგვარ ინსტრუმენტად ფსევდოინტელექტუალიზმის ხელში. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იღებენ ავტორიტეტს,რომლის მიღებაც მათ საკუთარ წრეში გაუჭირდათ.30 წლის წინ თვით რაიმონ არონი,მიუხედავად მყარი თეორიისა, ”საეჭვო ” ინტელექტუალურად ითვლებოდა,რადგან იგი ”ლე ფიგაროში” ბეჭდავდა სტატიებს.ახლა ყველაფერი იცვლება.
ინტელექტუალები თავიანთ სივრცეში კამათის დროს აგებენ ”სპილოს ძვლის კოშკებს”,სადაც ერთნაირი წესებია მიღებული.ამ წესების გამოყენებით,ისინი ეთახნმებიან ან არ ეთანხმებიან ერთმანეთს.ადამიანი რაც უფრო აღიარებულია საკუთარი წრეში,მით უფრო ნაკლებად უჩნდება სურვილი,რომ თავისი ავტორიტეტი ალტერნატიული საშუალებებით შეიძინოს.ჰეტერონომიულ ინტელექტუალებთან დავა სისულელეა.ისინი ნებსით თუ უნებლიედ იყენებენ ”ტროას ცხენებს”,რათა დისკურსი მედიის სფეროში გადაიტანონ.იგივე ხდება პოლიტიკის სფეროშიც.
ტელევიზია ამცირებს ბარიერს კულტურულ სფეროებში შესაღწევად და ამას აკეთებს აუდიტორიის გაზრდით.ბურდიე ამბობს,რომ შეიძლება მისი პოზიცია ელიტისტურია,მაგრამ მან იცის უმაღლესი ადამიანურ შედევრების შექმნის ისტორია.
ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ორი მიმართულებით_ხელი შევუწყოთ პროგრესისთვის აუცილებელი პროდუქციის წარმოებას და ამასთანავე მოვახდინოთ მისი მისაწვდომობის გამარტივება.ყოველგვარი რეიტინგი არადემოკრატიულია,ისინი რეალურ სანქციებს აწესებენ!
ერთი სიტყვით,ჟურნალისტიკა ცვლის ძალაუფლებრივ იერარქიას სხვა სფეროებში.ამ პრობლემის დახასიათება არ შეიძლება ისე,თითქოს ”ეს სულ ასე იყო” ან”ეს სრულებით ახალი მოვლენაა” და ა.შ.
აღნიშნული მოვლენის გარკვეული ნიშნები შეიმჩნევა მეცხრამეტე საუკუნეშიც.მაგრამ მან დღეისათვის შეიძინა ახალი თვისებები და გახდა ინტენსიური.
ავტონომიურობის განსაზღვრის ერთ-ერთი საშუალება მფლობელობის კონცენტრაციის გაზრდაა.შემდგომი გავლენის მომხდენ ეფექტად კი ითვლება ის პოზიცია,რომელიც მედია საშუალებას მთლიან სივრცეში უკავია.ამას მოსდევს კერძო ჟურნალისტის როლი ამ მედიაში.ყველაზე უფრო ბოლო დონეზე კი აღსანიშნავია ზოგიერთი ჟურნალისტის უნარი იყოს ავტონომიური.
ჟურნალისტური სფეროს თავისებურება არის სანქციების არარსებობა.თუმცა
ერთადერთ ქმედით სანქციას თავად ბაზარი აწესებს.”scoop” ების დიდი რაოდენობის ადრესატები ისევ ჟურნალისტები ხდებიან.მხოლოდ ისინი კითხულობენ ყველაფერს სრულად. კონკურენციას მოაქვს ერთგვაროვნება და ყველაფერი ემსახურება დამკვიდრებულ ღირებულებებს.
არსებობენ ე.წ.ინტელექტუალი ჟურნალისტები,რომლებიც მერყეობენ ჟურნალისტურ და პროფესიულ სფეროებს შორის და განიცდიან ორგვარ ეფექტებს.პირველი,ისინი აწარმოებენ კულტურული პროდუქციის ახალ სახეს,რომელიც პროფესიული ეზოთერიციზმისა და ჟურნალისტურ ეგზოტერიციზმს შორის მდებარეობს.
მეორე,ისინი საბაზრო სანქციებს აძლევენ ინტელექტუალურ ავტორიტეტის გარეგნობას,მაგალითადნ, ავანგარდს აკრიტიკებენ საერთო აზრის პოზიციებიდან.ამ პოზიციებს კი ამყარებენ ის მკითხველები,რომლებიც მიდრეკილნი არიან მოჩვენებითი ინტელექტუალურობისა და თავის მოტყუებისგან(მაგალითად,ესეთი ფრაზებით:”ეს არის მაღალკვალიფიციური სამეცნიერო ჟურნალი,რომლის გაგებაც ყველას შეუძლია”).
აქ არსებობს ორი გზა: სფეროების გამიჯვნა და
კოშკების დამსხვრევა ან ყველანაირი საშუალებით გარეგანი გავლენის მოხდენა.
სუფრაჟიზმისთვის შეუძლებელია სამეცნიერო დავების გადაწყვეტა,ეს ამ სფეროსთვის დიდი პლიუსია (შესასვლელი ბარიერის არსებობა),მაგრამ, მეორე მხრივ, საჭიროა სფეროს გახსნაც,რაც მედიას ისევ მონოპოლიას მიანიჭებს.
პოლიტიკურ სფეროში ასევე არსებობს დისტანცია პროდუქციის მწარმოებლებსა და მომხარებლებს შორის.პოლიტიკოსები ხშირად იყენებენ საშუალებას,რათა ზემოქმედება მოახდინონ ამომრჩეველზე.
იურიდიული სფეროც არ არის დამოუკიდებელი,მაგრამ მისი შენარჩუნება ერთგვარი კოლექტიური ფარისებლობაა,რომელიც ტრანსცენდენტური ღირებულებების პრიმატს ქადაგებს.
აშკარა და ფარული ეფექტების მიმოხილვით,ბურდიე ცდილობს გამოიკვლიოს ტელევიზიის გავლენის სრული ეფექტები,თუმცა დასკვნები და გამოსავალი აბსოლუტურად ბუნდოვანია.იგი მიიღწევა მეთოდებისა და ლოგიკური ჯაჭვის აღიარებით,ინტელექტუალური დისკურსით.აღსანიშნავია ფრანგული მედიისა და სატელევიზიო სივრცის სპეციფიკაც,მაგრამ საერთო პრობლემატიკა ყველასათვის საერთოა.

გლობალიზაცია და მისი ასპექტები

გლობალიზაციის კვლევის თავისებურებები და მნიშვნელობა
გლობალიზაცია მრავალშრიანი მოვლენაა, ამიტომაც, მისი ცალმხრივად გაშუქება ძალზე არაეფექტურია. როგორც წესი, გამოყოფენ გლობალიზაციის სხვადასხვა ასპექტს. თითოეული მათგანის გაშუქება უმნიშვნელოვანესია იმდენად, რამდენადაც დღევანდელ მსოფლიოში ადგილი აქვს უპრეცედენტო ინტეგრაციას, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვება თავისი გვერდითი შედეგები და წინააღმდეგობები. ანტი-გლობალიზმის იდეა თითქმის ყველა ქვეყანაში აქტუალურია. ვესტფალიის ზავის მიერ დამკვიდრებული ერი-სახელმწიფოების სისტემის ვალიდურობის პრობლემა დღითი დღე უფრო ცხადი ხდება. საკითხი ძალაუნებურად მოითხოვს ინტერ-დისციპლინარულ მიდგომას, თუმცა, შესაძლოა, ბევრი მკვლევარი შეგნებულად არიდებდეს თავს ზედმეტ გართულებებს. ნებისმიერი მსჯელობა უნდა პასუხობდეს არსებულ რეალობასა და კონტექსტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თეორიები ბანქოსგან აშენებულ სახლს დაემსგავსება. ხშირად თანამედროვე გლობალიზაცია ესმით გასული საუკუნის დასაწყისის კონტექსტში, რაც შემდგომ იწვევს კრიტიკოსების ცინიკურ შენიშვნებსა და მკვეთრად რადიკალიზირებულ წარმოდგენებს. იმისათვის, რომ თავი დავაღწიოთ ამგვარ უხერხულობას, საჭიროა, უფრო საფუძვლიანი გამოკვლევა. კონფერენციის ფორმატის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ბევრი რამ ყურადღების მიღმა დაგვრჩება, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური, სოციალური და, თქვენ წარმოიდგინეთ, ფილოსოფიური ასპექტების მოკლე, მაგრამ არსებითი განხილვაც კი ხელს შეუწყობს გლობალიზაციის მოვლენის საზოგადოებისთვის სწორი ფორმით მიწოდებას.
დანაშაულია, ისაუბრო გლობალიზაციის შესახებ და არ აღნიშნო მოვლენები, რომლებიც შენ გარშემო ყოველდღიურად მიმდინარეობს. თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ თემას “Word”-ის ფაილში ვწერ, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს, ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების სხვა გავლენებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისის ფორუმზე გავხსენი ანალოგიური თემა (1), სადაც გლობალიზაციასთან ერთად ვსაუბრობდით ვესტერნიზაციაზეც. ამ ორი ცნების ერთმანეთთან დაკავშირება ცოტა რთული და სადავო საკითხია. როგორც თემის მიმდინარეობამ გვაჩვენა, ადამიანებს ხშირად არასწორად ესმით თანამედროვე გლობალიზაციის არსი, რასაც შემდგომ მოსდევს შეხედულებების დაპირისპირება და, ფაქტობრივად, ჯანსაღი დისკუსიის ჩიხში შეყვანა. ფორუმის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გლობალიზაცია პირდაპირ კომუნიზმს დაუკავშირა. ბევრისათვის ეს ორი ცნება, “კოსმოპოლიტიზმთან” ერთად, ისე მჭიდროდაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული, რომ კონტექსტიდან “ამოჭრა” და სხვაგან “ჩაკერება” ფუნდამენტურ ძიებებს მოითხოვს. ცნობილ მკვლევართა ნაშრომებს შორისაც კი დიდი შეუსაბამობებია. ნეილ ფერგიუსონი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი, 2005 წელს აქვეყნებს სტატიას გლობალიზაციის შესახებ(2) , სადაც საუბრობს თანამედროვე გლობალიზაციისა და მეცხრამეტე საუკუნის ბოლო მეოთხედის გლობალიზაციის მსგავსებებსა და შედეგებზე. თუმცა ეკონომიკურ მსგავსებებთან ერთად სოციალურ ძვრებს ნაკლებ ყურადღებას უთმობს.
ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევებზე ადეკვატური პასუხის გაცემა შეუძლებელია მოვლენათა სწორი გააზრების გარეშე. სწორედ ამიტომ, ეკონომიკა, სოციოლოგია, კომუნიკაციის თეორია, მულტიკულტურალიზმი, თუ პოსტმოდერნული ფილოსოფია წარმოადგენს კვლევის იარაღებს, რომელთა გამოყენებაც დაგვეხმარება გლობალიზაციის ზოგადი არსის გამოკვეთაში.
დღევანდელი ქართული საზოგადოების გლობალურ კულტურაში მონაწილეობის ხარისხი და ამბიცია ძალზე დაბალია. გლობალიზაციის არსის სწორად გაგება დაგვეხმარება უმაღლესი განათლების განვითარების პერსპექტივების დახვეწაში. ამასთან დაკავშირებით, წავაწყდი ძალზე საინტერესო ნაშრომს(3), სადაც საუბარია კანადის უნივერსიტეტების საქმიანობისა და მისიის გლობალიზებაზე. ცოდნის მენეჯმენტის დახმარებით გლობალიზაციის უარყოფითი მხარეები ნაკლებად იმოქმედებს ადამიანთა ცხოვრებაზე. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მომხდარი გადატრიალებები ციფრულ ტექნოლოგიებში ახალი დილემების წინაშე გვაყენებს, თუმცა მკაცრი დუალიზმის თავიდან აცილება ძალზე მარტივად შეგვეძლება, თუ დადებით მნიშვნელობებს ადეკვატურად გავიგებთ.
ოცდამეერთე საუკუნის გლობალიზაცია თავისი მასშტაბითა და სპეციფიკით არის უპრეცედენტო. ცივილიზაციათა ომის, სიღარიბის, შიმშილობის, ეკოლოგიური კატასტროფების წინაშე მდგარი მსოფლიო გაცილებით უფრო ფრთხილი და “მგრძნობიარეა”.

გლობალიზაციის ისტორია
გლობალიზაციის თემის პოპულარობა 90-იანი წლებიდან მომდინარეობს. ბევრი სწავლული ცდილობდა ეპოვა თანამედროვე გლობალიზაციისა და მისი ისტორიული ანალოგების საერთო ძირები.
გლობალიზაციის ისტორიული პრეცედენტები შეგვიძლია ვეძებოთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის იმპერიული სახელმწიფოების დაპირისიპირების ხანაში. თუმცა გლობალიზმის ადრეული ფორმები არსებობდა ძველ მსოფლიოშიც. ამისი მაგალითია რომის იმპერია, პართია, ხანის დინასტია. ამ უკანასკნელის მმართველობის პერიოდში დაიწყეს “აბრეშუმის გზის” მშენებლობა. ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ
”ისლამის ოქროს ხანა” _მუსულმანმა ვაჭრებმა მოახდინეს პროდუქციისა და ცოდნის გლობალიზება. მონღოლთა იმპერიაში კი აბრეშუმის გზამ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა.
1850 წელს ინდუსტრიული კაპიტალიზმის მზარდმა აღმავლობამ მოითხოვა მეტი რესურსები და გლობალური ბაზარი. ესეთ პირობებში ტრადიციული პროტექციონიზმი გახდა “გამოუსადეგარი”. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო თავისუფალი ვაჭრობის განვითარებას .(4) უკვე 1870 წლისათვის ბრიტანეთის ეკონომიკური უპირატესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გერმანიისა და აშშ-ს ინდუსტრიალიზაციის მზარდი ტემპების გამო. ნეილ ფერგიუსონი თვლის, რომ 1870 წლიდან პირველ მსოფლიო ომამდე საქონლისა და კაპიტალის მიმოქცევამ მიაღწია იქამდე არნახულ მასშტაბებს, რაც შემდგომ მეოცე საუკუნის 80-იან წლებში განმეორდა. ეკონომიკური ასპექტებით იმდროინდელი მსოფლიო მართლაც ძალიან ჰგავდა თანამედროვე ტენდენციებით გაჯერებულ რეალობას, თუმცა, შესაძლოა, მხოლოდ ერთი შეხედვით.

რას წარმოადგენს თანამედროვე გლობალიზაცია?
გლობალიზაციის უამრავი განმარტება არსებობს. მაგალითად, “გლობალიზაცია არის ბიზნესის ინტეგრაცია გეოგრაფიული და ორგანიზაციული საზღვრების მიღმა” .(5)
ტერმინ “გლობალიზაციის” ეკონომიკურ კონტექსში ხმარება დაკავშირებულია თეოდორ ლევიტთან (1983), რომელმაც აღწერა გლობალიზებული ბაზრების მოქმედება. თუმცა შემდგომში ამ ტერმინს ხშირად ხმარობდნენ ახალი ტიპის მულტინაციონალური ორგანიზაციების აღსაწერად. ეკონომიკური გლობალიზაციის ძირითადი აგენტები სწორედ მულტინაციონალური ორგანიზაციებია.
ბევრი ავტორი მიიჩნევს, რომ გლობალიზაციას კი არ განმარტავენ, არამედ იცავენ. ჰირსტი და ტომპსონი შენიშნავენ, რომ გლობალიზაციის სწორად გასაგებად, აუცილებელია, წარმოვიდგინოთ იდეალური გლობალური ეკონომიკის მოდელი, რომლის მიმართ კონტრასტირებაც საშუალებას მოგვცემს დავაკვირდეთ არსებულ ტენდენციებს. ზემოთ აღნიშნული იდეალური მოდელის შესაძლო ნიშნებია:
1. პოლიტიკური მმართველობის პრობლემის გადაწყვეტა.
2. მულტინაციონალური ორგანიზაციების ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებად გარდაქმნა, რაც გულისხმობს კაპიტალს, სახელმწიფოს, ანუ ნაციონალური იდენტობის გარეშე.
3. ნაციონალური ან ლოკალური სავაჭრო კავშირების დასუსტება.
4. ჰეგემონური ერი-სახელმწიფოს გაქრობა. (6)
თანამედროვე ეკონომიკური გლობალიზაცია უფრო და უფრო ინტენსიური ხდება ტექნოლოგიის გაუმჯობესებისა და საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის გაცვლა-გამოცვლის ლიბერალიზაციის ხარჯზე. ამ უკანასკნელ მოვლენას ხელი შეუწყო “მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ”, “საერთაშორისო სავალუტო ფონდმა” და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა თუ შეთანხმებებმა.

გლობალიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ ეკონომიკურ პროცესებს. იან შოლტეს განმარტებით, “გლობალიზაცია აღნიშნავს პროცესებს, რომელთა მეოხებითაც სოციალურ ურთიერთობებს შედარებით ნაკლებად აფერხებს მანძილი და საზღვრები.” შოლტე ასევე გამოყოფს გლობალიზაციის ასპექტებს:
კომუნიკაციების სფეროში გლობალიზაციას ციფრულმა ტექნოლოგიებმა, სატელეფონო კავშირმა, ელექტრონულმა მასმედიამ და სხვა საშუალებებმა შეუწყო ხელი.
ორგანიზაციების სფეროში გლობალიზაცია გამოიხატა კომპანიების, ასოციაციებისა და მარეგულირებელი უწყებების ზრდით.
ეკოლოგიურად, გლობალიზაცია გამოიხატა ისეთ ფენომენში, როგორიცაა პლანეტის ჰავის ცვლა, სტრატოსფეროში ოზონის შემცირება, ცალკეული ბუნებრივი რესურსის შესაძლო ამოწურვა და დედამიწის ბუნებრიბი მრავალფეროვნების შემცირება. ამ მოვლენების იზოლირება შეუძლებელია.
წარმოების სფეროში იზრდება “გლობალური ფაბრიკები”, რომლებმაც მოიცვეს ისეთი სექტორები, როგორიცაა საავტომობილო მრეწველობა და მიკროელექტრონიკა. რამდენიმე ქვეყანა ერთ საწარმოო ხაზად ერთიანდება. გაჩნდა საფონდო ბირჟები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოცდაოთხი საათი მუშაობენ. გლობალიზაციას უკავშირდება დედამიწის ყველა კუთხეში აღიარებული საკრედიტო ბარათების გავრცელება და ზოგიერთი ვალუტის მზარდი გამოყენება.
სამხედრო სფეროში თვალსაჩინო გახდა გლობალური შეიარაღების ეპოქის დადგომა. კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების, საჯაშუშო თანამგზავრებისა და მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად მთელი მსოფლიო ერთ სტრატეგიულ არეალად გადაიქცა.
შეიცვალა ნორმები (ადამიანის უნივერსალური უფლებები) და ყოველდღიური აზროვნება (ადამიანები მსოფლიოს ერთ მთლიანობად აღიქვამენ). ცნობიერების ამგვარი შეცვლა დიდად განაპირობა 1966 წელს ღია კოსმოსიდან გადაღებულმა ფოტოსურათებმა. (7)
თანამედროვე გლობალიზაციის “გაზომვის” სხვადასხვა საშუალებები არსებობს. მაგალითად, შვეიცარიული “KOF Index of Globalization”(8) , რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ფაქტორებს. ამ ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე გლობალიზებული ქვეყანა ბელგიაა. ჟურნალი “Foreign Affairs” კი აქვეყნებს ალტერნატიულ მონაცემებს_ 2006 წლის ინდექსით სინგაპური სიაში პირველ ადგილზეა.

გლობალიზაციის ძირითადი ასპექტები
იმისათვის, რომ განვიხილოთ გლობალიზაცია უნდა გამოვყოთ მისი ძირითადი ასპექტები. ტრადიციულად საუბრობენ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ გლობალიზაციაზე. თითოეული მათგანი წარმოადგენს ერთი მოვლენის განსხვავებულ განშტოებას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ძირები საერთოა. კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა კვლავ ფუნქციონირებს, თუმცა განსხვავებით 20-30 წლის წინანდელი მდგომარეობიდან, ახლა უკვე მთელი მსოფლიო კაპიტალისტურია; შეიცვალა ტექნოლოგიები, უფრო მეტიც, მოხდა ნამდვილი ციფრული რევოლუცია. ტრანსნაციონალური ორგანიზაციების მოქმედებაც მჭიდროდაა დაკავშირებული გლობალიზაციის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ასპექტებთან. ჩვენ მხოლოდ სოციალურ ასპექტს განვიხილავთ .

პოლიტიკური ასპექტი_ერი-სახელმწიფოები უდიდესი განსაცდელის წინაშე დგანან. სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების მონოპოლია განსაზღვრულ ტერიტორიულ საზღვრებში. გლობალური ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა მოითხოვს უფრო მსხვილ პოლიტიკურ ერთეულებს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ “ევროკავშირი”. ნარკოტიკებით არალეგალური ვაჭრობა, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლა_ ერთ-ერთი მთავარი პრობლემებია, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებლად მოითხოვს ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევას. ძალამ შეიძინა რეგიონალური, ტრანსნაციონალური, გლობალური მნიშვნელობა. შეგვიძლია ორი მიმართულების გამოყოფა:1. მზარდი დეცენტრალიზაცია. 2 ინტეგრაციისკენ მიდრეკილება. ვესტფალიის სისტემა კრიზისს განიცდის. ჰანტინგტონის მოდელი აქტუალურია ისე, როგორც არასდროს. ცივი ომის დასრულების შემდეგ მსოფლიო აღარაა იდეოლოგიზირებულ ბანაკებად დაყოფილი. სამყარო ხდება უფრო პატარა; ეკონომიკური პროცესები იწვევს ინდივიდების ალიენაციას. საერთო ან მსგავსი ცივილიზაციის ნიშნით დაჯგუფებული სახელმწიფოები დიდ როლს შეასრულებენ მსოფლიო პოლიტიკაში. მთავრობები ცვლიან თავიანთ პოლიტიკას არა პირდაპირი ზეწოლის, არამედ კულტურული ცვლილებებისა და კონკურენტუნარიანობის აუცილებლობის გამო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თანამედროვე სამყარო განიცდის ფრაგმენტაციისა და ინტეგრაციის ორმაგ პროცესს. თუმცა ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ფრაგმენტაცია ინტეგრაციის სიძლიერეა.
ცივი ომის შემდეგ გლობალური პოლიტიკის მთავარი ტენდენცია გახდა რეგიონალიზმი. რეგიონალური ფორმაციები ქმნიან ახალ მსოფლიო წესრიგს, რომელიც არსებითად განსხვავდება ვესტფალიური სისტემისგან. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში ერთმანეთს ეჯახება ორი პარადიგმა: ერთი კონკრეტული ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესი და ევროკავშირის რეგიონალიზმი. რეგიონი არ არის, უბრალოდ, გეოგრაფიული ან ადმინისტრაციული ობიექტი, მისი შინაგანი ერთიანობა და საზღვრები მუდმივად იცვლება. მზარდი “რეგიონალობა” ნიშნავს გეოგრაფიული სივრცის ტრანსფორმაციას პასიური ობიექტიდან აქტიურ სუბიექტამდე, ანუ აქტორამდე, რომელსაც შეუძლია ტრანსნაციონალური ინტერესის არტიკულაცია. აქედან გამომდინარე, “რეგიონალობის” ცნება გამოხატავს კონკრეტული რეგიონის ერთობის პირობებსა და ხარისხს. ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი ენდოგენური ისტორიული პროცესი, ან ნებაყოფლობითი გაერთიანება _ რეგიონალიზმის თანამედროვე ლოგიკა. საუბარია ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაზე, რაშიც რეგიონალიზმის კონცეფციამ წამყვანი როლი უნდა ითამაშოს. 1970-იან წლებში დაიწყო “ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის” დამყარების დისკუსია, რომელიც გულისხმობდა მესამე მსოფლიოს ქვეყნების განვითარების ჰარმონიზაციას. თუმცა ჰეგემონურმა დისკურსმა საწინააღმდეგო პოლიტიკა მოიტანა_ ღარიბი ქვეყნები სიღარიბისთვის გაკიცხეს. ერაყის პირველი ომის შემდეგ, 1991 წელს, პრეზიდენტმა ბუშმა შემოიტანა ცნება “ახალი მსოფლიო წესრიგი”. ეს უკანასკნელი, ბუშის აზრით, გულისხმობდა ტერორისტებისა და ტირანების წინააღმდეგ ომს. 90-იანი წლები განსაზღვრა ინტერვენციონიზმმა, რომელმაც უარყო მულტილატერალიზმი. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დაიწყო “გლობალური ომი” ტერორიზმის წინააღმდეგ. ევროკავშირის მიდგომა ამ ომთან მიმართებაში არ გულისხმობს ხისტი ძალის გამოყენებას. სახეზე გვაქვს უნილატერალიზმისა და მულტილატერალიზმის დილემა. მისი გადაწყვეტა არ იქნება მთლიანად პოლიტიკური დისკურსის საკითხი. სავარაუდოდ, გლობალიზაციის სხვა ასპექტები დიდ გავლენას მოახდენს პოლიტიკური დუალიზმების გადაჭრაზე.
თანამედროვე საზოგადოებებში დღითი დღე იზრდება არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელობა. ეს ეხება, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ “ენჯეობსაც”. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ქმნიან ერთგვარ იერარქიას. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების ზეწოლამ მთავრობებსა და კერძო კომპანიებზე მსოფლიოს განვითარებაში პოზიტიური როლი ითამაშა.

სოციალურ-ეკონომიკური ასპექტი; “ინფორმაციული საზოგადოების” ჩამოყალიბება_
სოციალური ასპექტის კვლევისას შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე მიმართულება. გლობალიზაციის ეპოქაში გაიზარდა მიგრირებული ადამიანების რიცხვი. მიგრაციის მოვლენა შეიძლება სხვადასხვა მიზეზებით აიხსნას, თუმცა ეკონომიკური ფაქტორების მნიშვნელობა მაინც უდიდესია. გლობალიზაციის სოციოლოგიური კონტექსტი ყურადღებას ამახვილებს შემდეგი ტიპის ტენდენციებზე:
1. უცხოელი გაღარიბებული მუშების ექსპლუატაცია_ ღარიბი ერების წარმომადგენლების ექსპლუატაცია მსხვილი ინდუსტრიული ძალების მიერ. მართალია, მუშებს შეუძლიათ სამუშაოს მიტოვება, მაგრამ ბევრ უკიდურესად ღარიბ ქვეყანაში ეს შიმშილით სიკვდილის ტოლფასია.
2. მანუფაქტურების შეცვლა მომსახურების სფეროთი_ ოფშორული იაფი მუშახელის არსებობამ მდიდარი კომპანიები “აიძულა” გაეზარდათ პროდუქცია საზღვარგარეთის ქვეყნებში. შესაბამისი უნარების მქონე და არმქონე მუშაკებს შორის მოხდა ეკონომიკური პოლარიზაცია. ამან გამოიწვია საშუალო ფენის შესუსტება, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების დაბალი ფენებისთვის სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობა გაცილებით უნდა შემცირდა.
3. “კონტინგენტური სამუშაოს” აღმავლობა_ რადგანაც გლობალიზაციამ გამოიწვია სამუშაო ადგილების ოკეანის გაღმა გადატანა და საშუალო ფენის შესუსტება, შემცირდა სრულ განაკვეთზე მომუშავე ადამიანების რიცხვი. კომპანიები სულ უფრო ნაკლებად გასცემენ დამატებით წახალისებებს, შვებულებებს, ბონუსებს, პენსიებსა და ჯანდაცვის გარანტიებს. საშუალო ფენის ნაწილი კვლავ მუშაობს, მაგრამ მათი მსყიდველობითუნარიანობა შემცირდა.
4. პროფკავშირების დასუსტება_პროფკავშირებმა დაკარგა თავისი ძალა ისეთ კომპანიებთან მიმართებაში, რომლებთაც შეუძლიათ ადვილად შეცვალონ პერსონალი. კავშირების ეფექტურობა ეცემა იმის გამოც, რომ სხვადასხვა სფეროს მუშაკები ნაკლებად წევრიანდებიან მათში.
არასამთავრობო ორგანიზაციათა მნიშვნელობაზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სოციალური მოძრაობების როლი გლობალიზაციის პროცესში. სოციალური მოძრაობა წარმოადგენს მოქმედების სპეციალურ მოდუსთა კომპლექსს, რომლებიც არიან პოლიტიკურად მოტივირებულნი და მიმართულნი სოციალური და კულტურული ცვლილებებისკენ. სოციალურ მოძრაობებს ხშირად რესურსების ნაკლებობა და შიდა განხეთქილებები აზარალებს, თუმცა მათ მსოფლიო მმართველობაზე მაინც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
1970-იანი წლებიდან ათასობით ადამიანი მონაწილეობს გაეროს მიერ დაფინანსებულ გლობალურ კონფერენციებში. ხშირად სოციალური მოძრაობების მიზანი პოლიტიკური ქმედების გაბატონებული კონცეფციების შეცვლაა; მაგალითად, ფემინისტური მოძრაობა, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება.
სოციალური მოძრაობები დაკავშირებულია მოვლენასთან, რომელიც 60-იანი წლებიდან პოსტინდუსტრიული საზოგადოების ჩამოყალიბებად აღიქმება (9). თუმცა მაგ პერიოდისთვის ახალი საზოგადოების იდეა გარკვეულწილად ჯერ კიდევ უტოპიასთან იყო დაკავშირებული. ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გამოგონებამ უტოპია რეალობად აქცია. მკვლევარები საუბრობენ “ინფორმაციულ საზოგადოებაზე”. მოდერნის პროექტი გულისხმობდა მეტა-ნარატივების არსებობას. ეს იყო სამყაროს შეცვლის ფილოსოფიური კონფეპცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ერთიანი ჭეშმარიტების ძიება. მოდერნულობა აისახებოდა ადამიანთა საქმიანობის ყველა სფეროში. დღეისათვის, ეკონომიკაში ნაწარმის სტანდარტიზაციის მცდელობები მრავალფეროვნებით შეიცვალა. მრავალფეროვნების შესაძლებლობას ახალი ტექნოლოგიები გვაძლევენ. მოდერნის, როგორც “დიადი პროექტის” იდეის აპოთეოზად ოსვენციმისა და დაჰაუს ბანაკებს თვლიან, ანუ უკიდურესი ნაციონალიზმის იდეა გულისხმობდა მასობრივი ტექნოლოგიებით განსხვავებების წაშლას. იგივე შეიძლება ითქვას კომუნიზმის უტოპიაზეც. ამას უკავშირდება ფრენსის ფუკუიამას ცნობილი გამოთქმაც “ისტორიის დასასრული”. საბჭოთა კავშირის დაშლით პოლიტიკური მოდერნი დამთავრდა! პლურალიზმის, დეცენტრალიზაციისა და ფრაგმენტაციის ცნებები პოსტმოდერნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. “მესამე ტალღის” ანუ პოსტმოდერნული ერის მუშა აღარ აზროვნებს, როგორც კონვეირის ნაწილი. ახალი ტექნოლოგიები ხელს უწყობს სოციალურ მრავალფეროვნებასა და ინდივიდუალიზაციას. პლურალიზმთან დაკავშირებულია დეცენტრალიზაციის ცნებაც, რომელიც გულისხმობს სოციალური ცენტრის არარსებობასა და “მოზაიკური საზოგადოების” ჩამოყალიბებას. დეცენტრალიზაციის ტენდენციები შეიმჩნევა წარმოებაში, სადაც ვხვდებით დემასიფიკაციის პროცესს, ხოლო პოლიტიკაში კი_ რეგიონალიზმს. მოდერნული საზოგადოება და წარმოდგენები დაიმსხვრა, ანუ მოხდა ფრაგმენტაცია; სუსტდება კლასობრივი მიკუთვნებულობის იდეაც. უმცირესობების უფლებები ყურადღების ცენტრში ექცევა. ჟაკ დერიდას “დეკონსტრუქცია” არ არის მხოლოდ განყენებული ფილოსოფიური სტრატეგია. ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით დეკონსტრუქციის მცდელობებს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ფემინიზმი და “უნისექსის” პოპულარობა.
მიუხედავად ყველაფრისა, პოსტმოდერნული საზოგადოება არ არის პოზიტიური რეალობა. უმრავლეს შემთხვევაში, ადგილი აქვს ადამიანთა მასების “გარიცხვას” ურთიერთდაკავშირებული ქსელებიდან. სწორედ ამ პრობლემაზე საუბრობს მანუელ კასტელსი (10), რომელიც მოკლედ მიმოიხილავს “ინფორმაციული საზოგადოების” სტრუქტურას. კასტელსი საუბრობს ქსელებზე, რომლებიც მოითხოვენ კვალიფიციური, ცოდნით შეიარაღებული ადამიანების ჩართვას, რასაც მოსდევს საპირისპირო თვისებების მქონე მოქალაქეების გარიყვა. მარგინალიზაცია იწვევს კრიმინალური ფონის გამძაფრებას.
გლობალიზაციის უარყოფით გავლენებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა განვასხვავოთ უთანასწორობა, პოლარიზაცია, სიღარიბე და უკიდურესი სიღარიბე. უთანასწორობა ნიშნავს სიმდიდრის არათანაბარ ფლობას ინდივიდების ან სოციალური ჯგუფების მიერ. Pპოლარიზაცია აღნიშნავს უთანასწორობის ორ უკიდურეს პოლუსს შორის მანძილის გაზრდას. სიღარიბე არის ინსტიტუციურად განსაზღვრული ნორმა, რომელიც აწესებს საარსებო მინიმუმის დონეს. უკიდურესი სიღარიბე კი დაკავშირებულია გადარჩენისთვის ბრძოლასთან. თუ დავაკვირდებით მსოფლიოში მიმდინარე სოციალურ ტენდენციებს, აუცილებლად შევნიშნავთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში უთანასწორობის სიტუაცია შედარებით გამოსწორდა (მაგალითად, ინდოეთში, ესპანეთსა და აზიის წყნარი ოკეანის სანაპიროს ქვეყნებში), ზოგან კი, პირიქით, _გაღრმავდა (მაგ. შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ბრაზილიაში). პოლარიზაცია ყველგან განუხრელად იზრდება. რაც შეეხება სიღარიბეს, აქ ცოტა რთულადაა საქმე. ბევრგან სიღარიბე პროპორციულად შემცირდა, თუმცა ღარიბი ადამიანების რიცხვი გაიზარდა. იგივე ტენდენცია ფიქსირდება უკიდურეს სიღარიბესთან მიმართებაშიც.
ამგვარად, სახეზე გვაქვს სოციალური კრიზისი, რომელიც დაკავშირებულია გლობალიზაციასთან. კასტელსი საუბრობს ე.წ. “მეოთხე სამყაროზე”, ანუ ტერიტორიებზე, რომლებიც დარჩნენ თანამედროვე პროცესების მიღმა.

კულტურული ასპექტი_გლობალიზაცია მსოფლიო კულტურას ცვლის ორი ფუნდამენტური გზით. Bბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კულტურული გლობალიზაცია ამერიკანიზაციის ტოლფასი მოვლენაა. შეერთებული შტატების მედია , განსაკუთრებით კი ტელევიზია, უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ასევე, განვითარდა ინტერნეტი, რომელშიც დომინირებს ინგლისური ენა და ამერიკული პორტალები. ინდოეთი ჰოლივუდზე მეტ ფილმს აწარმოებს, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციის სურვილი არ აქვს. ეს გამოწვეულია “ბოლივუდის” ფილმების ადგილობრივი ენითა და შინაარსით.
ამ ყველაფრის პარალელურად დიგიტალიზაცია ხელს უწყობს ინდივიდუალისტურ პრეფერენციებსა და გემოვნებებს. მაგალითად, www.forum.ge - ზე კლასიკური მუსიკის მოყვარულებს აქვთ ცალკე ქვეგანყოფილება, ისევე როგორც, სხვა მიმდინარეობის მსმენელებს, ანუ რაიმე გარკვეული ნიშნით ადამიანთა გაერთიანება უფრო მეტად სპეციალიზირდება. როგორც თანამედროვე იტალიელი მწერალი უმბერტო ეკო აღნიშნავს, “ინტერნეტს მივყავართ ცოდნის დე-ნაციონალიზაციისკენ.”(11) ინტერნეტი არის სამყაროს მიკრომოდელი, რომელშიც შეგვიძლია სასურველი ინფორმაციის მოძიება. ჯგუფები იქმნება უფრო სპეციფიკური, კონკრეტული ინტერესების გარშემო. ინტერნეტი გვთავაზობს ბრენდების ინდივიდუალიზაციას.
ეკონომიკური პოლიცენტრიზმის ექვივალენტია მულტიკულტურალიზმი, ანუ სხვადასხვა კულტურების კომბინაცია და ინტერნაციონალური ან ზე-ნაციონალური კავშირების გაღრმავება. ძალიან საინტერესო პროცესი მოხდა იაპონიაში_ იაპონელებმა თავიანთი ეროვნული კულტურის ელემენტები გლობალური კულტურის ნაწილად აქციეს. ალექსანდრ ტომოვის აზრით, გლობალიზაცია და მულტიკულტურალიზმი ერთმანეთს არ გამორიცხავს, რადგანაც: 1. ახლად წარმოქმნილი გლობალური კულტურა ვრცელდება მსოფლიოს მედიის მიერ და იგი ხდება სულ უფრო და უფრო განსხვავებული დომინანტური ერების კულტურისგან. 2. დიდი ერების კულტურა პოლიტიკური პოლიცენტრიზმისა და მულტიკულტურალიზმის პრინციპების დანერგვის კვალდაკვალ კარგავს გავლენასა და უნარს, გაანადგუროს მცირე ერების კულტურა.(12)
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჰანტინგტონის წინასწარმეტყველება არ გამართლდება? ცნობილი მულტიკულტურალისტი, რიჩარდ ლუისი მიიჩნევს, რომ კულტურათა ადაპტაცია მიმდინარეობს ძალიან ნელი ტემპით, ანუ არის ელემენტები, რომლებიც სწრაფად ადაპტირდება, თუმცა ამის პარალელურად ზოგიერთი ელემენტი იწვევს კულტურათა შორის “უთანხმოებას”.(13)
ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ გამოსავალი დიგიტალიზაციაშია. IT გვთავაზობს ახალ დემოკრატიულ მოდელს, რომელიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჰაკერული ტექნოლოგიების განვითარების დამსახურებაა.

გლობალიზაცია და განათლება; გამოსავლის ძიება
თემის დასაწყისშივე აღვნიშნეთ, რომ გლობალიზაციის უარყოფითი გავლენების შესასუსტებლად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას და, განსაკუთრებით, უმაღლეს სასწავლებლებს. კასტელსი საუბრობს ორპირიან მახვილზე. ერთი მხრივ, გლობალიზაცია ხელს უწყობს ქვეყნებს, გადალახონ ეკონომიკური ჩამორჩენილობა და მოახდინონ პროდუქციის მოდერნიზაცია (ამის მაგალითია ჰონგ-კონგი, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია და სამხრეთ კორეა); მეორე მხრივ კი, ის ეკონომიკური სისტემები, რომლებთაც ვერ გაიარეს ადაპტაცია, ხდებიან კიდევ უფრო ჩამორჩენილები. საზოგადოების უნარი, გადავიდეს “ინფორმაციულ ხანაში”, დამოკიდებულია მისი წევრების განათლების დონეზე. Eეს ეხება საგანმანათლებლო სისტემას_ დაწყებითი სკოლიდან უნივერსიტეტის ჩათვლით. ყველაზე უფრო თანამედროვე ქვეყნების განათლების სისტემაც კი სრულად არ ასახავს სისტემის დინამიზმს. აქედან გამომდინარე, გლობალიზაციის ეპოქაში უკვე აქსიომად იქცა, რომ საჭიროა ინვესტიციების ჩადება განათლების სფეროში. ე.წ. “სილიციუმის ველის”(14) ტექნოელიტის პროპორციული შემცირება, იქნება სოციალური კრიზისის გაღრმავების მწვავე მაჩვენებელი.
ახალი ერის გამოწვევებთან დაკავშირებულია კორპორატიული უნივერსიტეტების ჩამოყალიბება. ე.წ. “e-learning” დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება. ზოგიერთი მკვლევარი საუბრობს კორპორატიული უნივერსიტეტების აშკარა უპირატესობებზე.
უმაღლესი განათლების ინსტიტუტების ინტერნაციონალიზია არის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მადეტერმინიზებელი ფაქტორი. იგი განსაზღვრავს, თუ ვინ იქნება მოგებული გლობალიზაციის პროცესში.
გლობალიზაციის ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სოციალური კონტექსტები აუცილებლად უნდა აისახებოდეს თანამედროვე უნივერსიტეტის მოდელზე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს სხვა აუცილებელი განზომილებებიც, მაგრამ ცოდნის მენეჯმენტი რჩება ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ასპექტად.

(1)თემის ლინკია:http://forum.ge/?f=36&showtopic=33788602
(2)სტატია შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალ “Foreign Affairs”-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://www.foreignaffairs.org/20050301faessay84207/niall-ferguson/sinking-globalization.html
(3) Bond S; Lemasson J.(1999) A New World of Knowledge, Canadian Universities and Globalization; Ottawa, ON, Canada: International Development Research Centre
(4)Panayiotopoulos P; Capps G .(2001) World Development, An Introduction ; London.
(5)Kirkbride P; (2001) Globalization:The External Pressures. JOHN WILEY & SONS, LTD
(6)იქვე.
(7)იან შოლტე, მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია(ქრესტომათია). თბილისი, 2004 წ.
(8)შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: http://globalization.kof.ethz.ch/
(9)ვადიმ ემელინის ესსე პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაზე, შეგიძლიათ იხილოთ ამავე ბლოგზე.
(10)Manuel Castells, Information Technology, Globalization and Social Development, UNITED NATIONS RESEARCH INSTITUTE FOR SOCIAL DEVELOPMENT, UNRISD Discussion Paper No. 114, September 1999
(11)Guillermo de le Dehesa, (2006) Winners and Losers in Globalization, BLACKWELL PUBLISHING, p. 169
(12)Alexander Tomov, The Fourth Civilisation, Sofia, 1996. available from http://lib.ru/POLITOLOG/TOMOV/4civil.txt
(13)Richard D. Lewis, (2003) The Cultural Imperative: Global Trends in the 21st Century, Intercultural Press.
(14)“სილიციუმის ველი”_ არის რეგიონი აშშ-ში, კერძოდ კალიფორნიის შტატში, სადაც კონცეტრირებულია “ჰაი-ტეკის” ბიზნესის დიდი ნაწილი.