ნაზარეთი


წყლის დინება საერთო ბურანს ერწყმოდა.ნაპოლეონის ჯარებმა გადაუარეს ნახევარ ევროპას.ბრიტანეთი გადარჩა...პილატე პონტოელი კვლავ ბობოქრობდა,კეისრის მიერ დაწესებულ გადასახადებს ითხოვდა.ლევი და მე ჩუმად ვისხედით.აქ გვიყვარდა დასვენება:გარშემო პალმების კორიანტელი,სიცხისგან გათანგული სულები ზეცისკენ ისწრაფვოდნენ.წინასწარმეტყველებზე დედა მიყვებოდა...მოშე იეჰუდი,ჩვენი აღმზრდელი.პატარა სკოლა ჰქონდა გახსნილი...ამჟამად იმეორებდა,"კეისარს კეისრისაო",პრორომანული ორიენტაციისა გახლდათ.ლევიმ ჭავლების ნაკადს თვალი მოსწყვიტა.თმები მზისფერი ჰქონდა,თვალები_მწვანე.სარა უყვარდა...ვიცოდი,იეჰუდიმაც იცოდა,მეც მიყვარდა.გაკვეთილზე ვაგვიანებდი,სარას თვალების ეშხი მეგებებოდა,მიხაროდა.
_წავიდეთ,იეჰუდიმ თქვა ,დღეს ისტორია ადრე გექნებათო.
ნაპოლეონის ჯარებმა გადაუარეს მთელს ევროპას.ბრიტანეთი გადარჩა...
ლევის სახლიც მდინარის პირას იდგა.დედამისი,პატარა უშნო ქალი.მას მე ვუყვარდი,სარას მაგონებდა.იეჰუდის გაკვეთილზე წინ ვიჯექი.ლევი გვერდზე მომიჯდებოდა ხოლმე.ყველაფერი აინტერესებდა.IQ,კოეფიციენტები...მაკიაველის მოძღვრება,იბნ ჰალმუდი.არაბული ჯიში გვიტევდა.ჰიტლერი მეზიზღებოდა,გენოციდი მოგვიწყო.ლევი ჩემს აზრებს იმეორებდა.არც ვიცი ზუსტად,არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი.მარტო სარაზე ფიქრობდა.იცოდა...ფარისევლები ყველაფერს მალავენ.მე მეზიზღებოდა ქალაქი:ჩამპალი ხალხი,რომაელებიც და ჩვენც.ხშირად ვეუბნებოდი ლევის,მაგრამ იგი დუმდა,როგორც ყოველთვის...
სასიამოვნო სიგრილე,იეჰუდიც სასიამოვნოდ საუბრობდა.ახალი საიტი გაიხსნა,ვითარდებოდა...მამაჩემთან კამათი მიტაცებდა.ერთხელ ლევიც შემოგვესწრო.მამა მიმტკიცებდა ,პლატონის იდეათა თეორია აღმოსავლეთიდან გავრცელდა,მზე იქიდან ამოდისო.ლევი დუმდა.სასტიკად შევეწინააღმდეგე,სოკრატეს ნაწერები ვანახე,არამეული ნაწერები.თავად გადავთარგმნე ბერძნულიდან,სინტაქსმა გამიჭირა...ლევიც უყურებდა ჩემს წვალებას,პუნქტუაციაში მეხმარებოდა.მამასაც მოეწონა,მაგრამ ჯიუტად იმეორებდა თავისას.ვერაფერი შევაგნებინე.ლევი გავიდა,დედა ეძახდა.
_კარგი ბიჭია,სწავლობს?_მკითხა მამამ,ლევიზე მეკითხებოდა.
_კი,თევზაობაც უყვარს.ხშირად დავდივართ,მე წყალს ვუყურებ ხოლმე,ის თევზაობს.კაცმა არ იცის რაზე ფიქრობს მაგ დროს.სარა უყვარს იცი?
_სარა ვინღაა?
_იეჰუდისთან ერთად დავდივართ,ფარისეველი.
_ვიცი.
კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები.ბერლინი.რუსების ბრალი იყო.ნაპოლეონის ჯარებმა ევროპას გადაუარეს.ბრიტანეთი გადარჩა...იეჰუდის უყვარდა თხრობა.მე ვუსმენდი,სარას თვალებიც მავიწყდებოდა.ლევი კი სარას უყურებდა.ვკამათობდი...იეჰუდის არ უყვარდა,როცა ვეწინააღმდეგებოდი.სარა არაფერს არ ამბობდა,ბოროტად მიყურებდა.ასე მეგონა ,ერთხელაც აიღებდა ხელს და გამსრესდა,ყოვლისშემძლე...ლევიმ სათვალე გაისწორა,ჩაახველა.რომის პაპი გამახსენდა,ბენედიქტი.პოლონელმა ვერ ივარგა?ნორვეგიული ნავთობი და კეთილდღეობა.
ვერ ვიტანდი დღესასწაულებს.ლევი მითხრა ერთხელ,ხალხი გეჯავრებაო.შეიძლება მართალიც იყო,შეიძლება სწორედ ეს იზიდავდა ჩემში...საკუთარი ხალხი მძულდა,ნორვეგიაში მინდოდა...
პილატე პონტოელი ხშირად დადიოდა ნაზარეთში.ჭკვიანი კაცი იყო,მაგრამ იეჰუდივით ძალა აკლდა,ლოგიკა.გარკვეულ წერტილამდე მიდიოდა,მერე წყდებოდა,ვამჩნევდი.ეს აღიზიანებდა.ვხვდებოდი,რომ მათზე გაცილებით ჭკვიანი ვიყავი.ვლაზღანდარობდი ხოლმე,მეგონა ამით ლევი წუხდებოდა,მერე ვჩერდებოდი.მატარებელი გუგუნებდა ჩემს ტვინში,ჰემისფეროებში,ორთქლმავალი.რომაელი ჯარისკაცები ამაყად დადიოდნენ.ერთხელ მე და ლევის შეგვეფეთნენ.თვალი თვალში გავუყარე,მიხვდნენ,რომ რიგითი ებრაელი არ ვიყავი,დისტანცია დაიჭირეს,ლევის გაუხარდა.უხაროდა,ჩემთან ერთად რომ დადიოდა,გრძნობდა ჩემს ძალას.სარაც გრძნობდა,მაგრამ ყოველგვარი მამაკაცური საწყისი სრულიად ქრებოდა,როცა თვალებს გაახელდა.მწვანე თვალებით ყოველგვარ ძალას ახშობდა.მარტო იეჰუდის ლექცია მომწყვეტდა ...ლევის ვეხუმრებოდი,სარაზე გიჟდებოდა,სულ თან დამდევდა.უბედური ვიყავი...ყმაწვილობის ხანამ გაიარა.პილატე კვლავ ბობოქრობდა,პალესტინა მოსწონდა,ელიტის წარმომადგენლად თვლიდა თავს.კომიქსების გმირს უფრო ჰგავდა ჩემთვის.ძალა ჰქონდა,მაგრამ არა საყოველთაო...მე თავის გახსნას ვერიდებოდი,ვიცოდი ლოგოსი ამოიფრქვეოდა,მეშინოდა...
ინდურ უპანიშადებსაც დავცინოდი .აღმოსავლური სიბრძნე მაგრად მეკიდა.ნეოპლატონიკოსი.კონსტანტინე დიდის შემდეგ მთლიანად შეიცვალა ყველაფერი,ბოლო წარმართული ტაძარიც დახურეს.იეჰუდის სწყინდა ჩემი ირონია,მაგრამ ვერაფერი გააწყო.ჯარში წასვლამ მომიწია,ქალებიც მიდიან.სარაც წავიდა,ლევიც...ლევი და სარა ერთად...მე კვლავ უბედურად ვგრძნობდი თავს.ვიცოდი,მაგრამ სიძლიერის მჯეროდა.
ლევი თევზაობდა,იქვე ვიჯექი.ენა არ გამიჩერებია,სათვალეებს ისწორებდა,ახველებდა,თევზები არ დამიფრთხოო.
_რომაელების ხანა თითქმის დასრულდა.თავიანთი როლი კი შეასრულეს,უპანიშადები დაამხეს,ნაზარეთი ყვავის.სად ნახავდი ადრე ასეთ ბაზარს?ეკონომიკური წინსვლა,კაპიტალის დაგროვება.ყველაფერი მოქმედებს რა თქმა უნდა.პილატეც მშვენივრად აცნობიერებს ამას და ჯარისკაცებიც(ჯარისკაცები რა შუაში იყო?!).
_თევზებს დამიფრთხობ,გაჩუმდი!იეჰუდის მოუყევი ეგენი.
_ეჰ,სარა მაინც იყოს აქ_ვთქვი მე,თუმდა არ ვიცოდი,რად მინდოდა სარა.
_...
_ამდენი ხანი ერთი თევზი ვერ დაგიჭერია,სირცხვილია.არაფერში არ ვარგიხარ.
_გაჩუმდი,ან სახლში წადი.ხო მართლა,დედაჩემმა,გამომიაროსო.გელოდება,ხმიადებს გაგატანს.
_ხო კაი,წავედი_ხმიადები მიყვარდა.
_ხვალ არ დააგვიანო!
_შენს თავს მიხედე!
ლევი ხანდახან ნერვებსაც მიშლიდა,მაინც ვიტანდი.ჩემს არსებას კარგად იცნობდა,სარა მაინც უყვარდა,მეცოდებოდა.
შაბათს ჯარიდან დამითხოვეს.გახარებული ვიყავი.სახლში ლევის ამბავი ვიკითხე.მამაჩემს აღარც ახსოვდა.გავახსენე.დედამ მითხრა ,სარა მოუყვანია ცოლადო.გული არ დამწყვეტია,თითქოს სარაც სულ ერთი იყო ჩემთვის.თვალებიც ფეხებზე მეკიდა.ავაზაკებთან ვიჩხუბე,პილატეს ჯარისკაცებმა დამინახეს,არ მომეხმარნენ.ის ჯარისკაცები იყვნენ,ნაზარეთში რომ პატრულირებდნენ,უშნოდ იცინოდნენ.თავ-პირი დავალეწე ავაზაკებს,მაინც იცინოდნენ.მარტო ვიყავი.ბოლოს გავიქეცი,მოვკურცხლე.ლევიმაც იჩხუბა ერთხელ,სცემეს.რევანშის აღებას არც აპირებდა,ვიქედნებოდი.მას აშკარად ეშინოდა.იეჰუდი ვნახე,ცოტა დაბერებულიყო.მაინც ჯიუტად მეკამათებოდა.ირონიულად მეცინებოდა.ლევის ამბავი ვკითხე,არაფერი მიპასუხა,მხოლოდ თავს აქნევდა,და ჯოხს,ჰაერს ეჩხუბებოდა...იერუსალიმიდან წერილი მოსულიყო.პილატეს სასახლიდან იწერებოდნენ,საუკეთესო მოსწავლე გამოგვიგზავნეო.მთხოვა, წავსულიყავი.სიხარულით დავთანხმდი,პილატესთან შეხვედრა მინდოდა.ცხენი შევკაზმე,დედა ტიროდა,მამას თვალები სიხარულით თრთოდა,იცინოდა.მხარზე ხელი დამარტყა და გამარჯვება მისურვა,თითქოს ომში მივდიოდი.იეჰუდიმ მე ამირჩია.გულში ცეცხლი ძაგძაგებდა,იერუსალიმი მელოდა.პალმებს შორის ამაყად მივაჭენებდი ჩემს ქურანას.აღმოსავლეთის მზე აცხუნებდა,უდაბნო იწვოდა,მორიელები დარბოდნენ.იერუსალიმამდე დიდი მანძილია,რამდენიმე კილომეტრი.მოუთმენლად მივაქროლებდი საცოდავს.ისტორიაზე ვფიქრობდი,ჰიტლერს ვადიდებდი,"მესერშმიტების" კონსტრუქციები...აბრაამ ლინკოლნი ძალიან შემეცოდა,ტყუილად მოკლეს,ნეგროიდულ რასას შეეწირა.რასისტი არასდროს ვყოფილვარ...პატარა კაცის საქმეა.ნორვეგია კვლავ მიტაცებდა.გზის ნახევარი შეუსვენებლად ვიარე,პილატეს სასახლეში მივდიოდი.რომის კაპიტოლიუმიც კი ცირკად მეჩვენებოდა,პილატეს სასახლე მით უმეტეს...ქურანა გზაში მომიკვდა,ბედად იქვე წყარო მოვნახე.დავისვენე,"მალბორო" მომინდა,გავაბოლე.ნერვები მეშლებოდა,მოუთმენლობისგან დავიძლიე.ცხენის სიკვდილი ფეხებზე მეკიდა,ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წამყვანი აქტისტი...ყელი გავისველე,კვლავ მწყუროდა,მაგრამ გზა განვაგრძე.მათარიდან ნელ-ნელა ვწყლურწავდი,შარდს შუა უდაბნოში ვუშვებდი.იერუსალიმი გამოჩნდა,სასახლეც დავინახე.თავდახრილი მივდიოდი,იმიტომ კი არა,რომ ვინმესი მეშინოდა,უბრალოდ ძალიან დაღლილი ვიყავი.ასი ნაბიჯიც გადავდგი,ქალაქს ვუახლოვდებოდი,ყვირილი მომესმა.ხალხის ბრბო სკანდირებდა,ვერასდროს ვიტანდი მასას.მეგონა მხოლოდ ჩემი მონები უნდა ყოფილიყვნენ.მარჯვნივ გავიხედე,ხმა იქიდან მოდიოდა.კაცი იჯდა ვირზე,მოაჩაქჩაქებდა საცოდავ სახედარს.ხალხის ბრბო ელავდა.შემცივდა.ისევ გამახურეს შეძახილებმა.ხმამაღალი ყველაფერი მანერვიულებდა."მესია.,მესია!",გაისმოდა ყოველი მხრიდან.ახალი წინასწარმეტყველი გამოჩნდა,გულში ვიფიქრე,იეჰუდის სახე წარმომიდგა თვალწინ.გადავაფურთხე.მათარაში წყალი კიდევ რაკრაკებდა.პილატეს სასახლეში არავინ მელოდა იმ დროისათვის,მაინც მეჩქარებოდა...ახლოს მივედი,ვირზე მჯდომს თეთრი ჩალმა ეფარა,უცბად ცოტა აეწია,სახე მთლიანად გამოჩნდა.ლევი ვიცანი.ნამდვილად ის იყო.აქ რა უნდოდა?ალბათ სარას თავი გაანება,იერუსალიმში მიდიოდა.გზაზე ვიღაცამ ბზა დაუფინა.ბზების მთელი ხალიჩა შეიქმნა.ვირიც ამაყად მიაბიჯებდა.ხალხი ყვიროდა,საშინლად ყვიროდა.ლევის ეგებებოდნენ,იესო...

მოდუსი,2006 წ.

No comments: