PER ASPERA AD ASTRA

კაცობრიობამ თითქოს სამხრობის ჟამს მიაღწია,როგორც დიდებულმა ფლორენციელმა მგზავრობას რომ იწყებდა.განვლილ გზას რელიგიის,ბუნების ფილოსოფიის,პატრიარქალო-
ბის,არისტოკრატიზმის კოშკები ამშვენებს,წინ თვით ადამიანის ფილოსოფიის,მეცნიერების,
დემოკრატიისა და ჰუმანიზმის ლანდები გვიტაცებს,როგორც ისტორიის ყოფილი აბსოლუ-
ტური კრიზისების დროს მოწამე ვართ სოციალური ქარიშხლის,აზროვნებისა და იდეალებ-
ის ძლიერი პაროქსიზმის,უნახავი რყევისა და დაუდრგომლობისა.ჩვენს კულტურას მოჰბეზრდა ზავი და მშვიდობა.ინგრევა მამა-პაპური მექანიურ-ნატურალისტური შემეცნების დარბაზი და კორიანტელში გამჭრიახი თვალი სჭვრეტს ახალ ხომლთა ციალს,უცნაური ხმები ესმის მახვილ ყურს.
კულტურის ყვავილი ხომ ხელოვნებაა,ინგრევა მისი ძველი,შემურული თაღები.ახალი უფსკრულებისაკენ მიექანება განახლებისათვის და მის დაბინდულ დისკოსთან მიაქვს უკვე ჭაღარა მორეული როდენის,მონეს,ლიბერმანის,რიჰარდ შტრაუსის სილუეტები...მომავალი დროის გარიჟრაჟი ეძებს თავის კრისტალიზაციას რითმით,კონსტრუქციით,ლოღიკით,მაგრამ ყოველგვარი გარიჟრაჟი ქაოტიურია და ბევრი არ იცნობს მის მტრედისფერ სილამაზეს.ფილისტერი გაურბის მის სუსხს;მხოლოდ ცხრათვალა მზეს ეალერსება.კეთილმორწმუნე კაპუცინივით წაუჩოქნია დამსახურებულ ღმერთების წინაშე.გაღმა ყველაფერი_ex partibus infidelium(”ყოველი მხრიდან ღალატი”_მოდუსი).დღეს გუშინდელს ებრძვის,ხვალინდელს ანათემით ამწყრალებს.მუდამ ხუთშაბათი ჰგონია და თავს ინუგეშებს.ხოლო პარასკევის ამოცანა,იტყოდა ლაგარდი(გერმანელი ორიენტალისტი_მოდუსი),სხვაგვარია ვიდრე ხუთშაბათის.ყოველ თაობას საკუთარი წამი უყვარს და ამით სტკბება.ფილისტერი მას პოზას უწოდებს.
მაგრამ მოჰიკანთა სამეფოში არც მშვიდობაა და არაც მყუდროება...აქ გარდაიქმნა ადამიანი საკუთარი იარაღის,მანქანის იარაღად.ეხლა იბრძვის ადამიანობისათვის.აქ გაიძარცვა სულით ადამიანი,აქ განკაცდა ბუნება და წყევლა-კრულვით დაატყდა თავის ღმერთს.ველით სასწაულს;უნდა აღსდგეს უსულო,დავრდომილი,საფლავს ჩასული არსება.თავის სულს გაჰკივის საბრალო მონა,საშინელს წყვდიადში ბანს აძლევს ხელოვნება,უხმობს დათრგუნულ სულს.
საკმაოდ დიდ ხანს უსმენდა ადამიანი გარემოს და საკუთარის ენით ლაპარაკს გადაეჩვია.ეხლა ჰსურს მაღალი ხმით მეტყველება ,ყოველგვარ კატეგორიათა გრკალის გარეშე ნავარდი,ოკულტური კავშირი სწყურიან სამყაროს შემოქმედებით ძალასთან...თანამედროვე ხელოვნება კოსმოცენტრულია,კოსმიურ-ინდივიდუალური,პანდინამური;ინდივიდუალური მისწრაფების გზით იღწვის აღადგინოს ადამიანისა და უცნობის შორის დაკარგული ჰარმონია და თავდადებით ებრძვის სინამდვილეს.აღარა სწამს შემოქმედი ”მე”,როგორც ღირებულებათა კანონი,აბსოლიუტით ისწრაფვის ზიარებას.ხელოვნება დღეს მტერია ფოტოგრაფიის,ადამიანი თვით ჰქმნის თავის სამყაროს,როგორც ველური წინაპარი.ბუნების საშინელებით ზარხდილი,პირველყოფილი ადამიანი თავის სულში ჰპოულობს თავშესაფარს,ჩვენც ველტვით ”ცივილიზაციას”,როგორც საღრჩობელას და შინ ვბრუნდებით.ვპოვეთ მხილება უცნაურის,მას ვენდობით,იგი გვიხსნის.ვპოვეთ ნიშანი საპყარი სულის,იგი დაამტვრევს ზღუდეს და ამიტომ კრთის ფრთხილი დარაჯი.
ხოლო დღევანდელი ხელოვნების არეზე გაბატონებული ექსპრესიონისტული მიმართულება კვლავ მთელის ერთი ნახევარია.იმპრესიონისტი უსმენდა და უტყვი იყო.ექსპრესიონისტს აღარაფერი ესმის,მხოლოდ მეტყველებს.იმპრესიონსტი იცნობს ობიექტს და ცოტა ზედმეტს,ექსპრესიონიზმი კი მარტო სუბიექტით და მისი ზედმეტით სულდგმულობს.პირველი გარემოს პროექციაა,მეორე თვით,საკუთარი ძალებით ჰქმნის სამყაროს პროექციას.პირველიც და მეორეც მხოლოდ მარადი იანუსის ერთი სახეა.ვინ შეჰქმნის და გამოჰკვეთს მის მთლიან სახეს,ვინ იქმნება ახალი ხელოვნების სიმეონ,მისი პრაქსიტელე.
დღეს ბუნდოვანი ხაზები და თალხი მასა.ნუთუ ყველაფერი უბრალო პოზაა,აკრობატების თვალთმაქცობა?!თუ ახალი იორდანეს ბილიკი?
ხელოვნება მოსწყდა ძველს გზას.აღარა ჰსურს იყოს გარემოს საპირფარეშო,არამედ მხილება,არა ზეიმი,არამედ მუდმივი ფერისცვალება,ცხელი სისხლით მჩქეფარი ყოველდღეობა.ჰსურს საგნები და არა მათი ლანდი,ებრძვის მეტაფიზიკას,სურათს,სვიმბოლოს,მეტაფორას,ლირიულს დილეტანტიზმს.სცდილობს სიტვის მოშინაურებას...ასეთია თანამედროვე ნებისყოფა.აღაღებს იგი თუ არა მეშვიდე ბეჭედს?
ერეკლე ტატიშვილი,1924 წ.

No comments: