ეკსტასის!

_ეკსტასის!_ასეთი სახელით მონათლა ღვთაებრივი პლატონის ენამ ადამიანის ემოციალური მდგომარეობა.
ეკსტასის ადამიანის სულის ექსტრადიქციაა,ხორცს გარეშე ნავარდი და განდგომა.
შემოქმედებით წამებაში მგოსანი ემოციით არსებობს და მგოსანიც იმას ეწოდება,რომლის სულიც მისი საშუალებებით მარადისობას ეზიარება,დაუსრულებელის ნორმისა და რიცხვთა კანონის ემბაზში განსპეტაკდება და თავის ინდივიდუალურ რიტმს უნივერსალურ რიტმს დაუკავშირებს.ამას ვუწოდებთ ჩვენ ემოციალურ შემეცნებას.
ასეთია incipium(საწყისი_ე.ტ.) უცნობის მიერ რჩეულის;მირონცხება,რომელიც წინ უსწრებს აზრს,სიტყვას და თვით მგოსნის მგოსნობის სურვილს.
პოეზია სულიერი რიტმის გაქანდაკებაა,ხოლო სულიერი მდგომარეობის ხორცშესხმა შეუძლებელია.მგოსნის სიტყვა მხოლოდ მის მიერ ნახული სიზმრის მიმგვანებაა,და არა პიწავარდნილი სურათი.მისი დახატვა,როგოც ყველა სინტეზის,აბსოლუტურად სრულყოფილ ფორმებში,ამაოების გამოგონილია.სიტყვა მხოლოდ ჩრდილია და არა სულიერი მოძრაობის სუბსტანცია,გრამატიკული გამა და არა ემოციალური მუსიკის რიტმი.
პოეტი იმდენად გენიალურია,რამდენადავ მისი ემოციალური მეხსიერება ძლიერია და მახვილი.
ყველა ეპოქას პოეზიის თავისებური შემეცნება აქვს.მისი ცვალებადობა ცაზე ახალ ხომლთ აღმოაცენებს და ძველთ ლეტას მსხვერპლად შესწირავს.
სანტა რეი!
პოეზიის პოზიტივობა მეცნიერებისა და ხელოვნების უკანონო ქორწინების ნაყოფია,დღენაკლები მოჩვენება.
პოეზია ზმანებაა,ნარცისი,რომელსაც მხოლოდ თავისი თავი უყვარს,თავისი მშვენებით სტკბება.
ადამიანსა და მარადისობას შროის მისტიური ხიდია გადებული,რომელსაც ჩვეულებრივი შემეცნებით ვერ მივწვდებით.გრძნობა ნივთების უკან ვერაფერს ამჩნევს,ლოღიკაც ნერვთა ცენტრალურ სისტემას ვერ სცილდება.ინსტიკტი გვამხელს,როცა უხილავი მისტერიის ზღვა მოგვიტაცებს.ამით აიხსნება ჩვენი წინათგრძნობა,მოულოდნელი,უმიზეზო სიხარული და შიშის ზარი ყინულის კბილებით რომ ეკეთება ჩვენს გულს,უცანური სევდა შეღამებული დღის ჩრდილებით გვეპარება?!
ზოგს ტყე მისი ჩრდილისთვის უყვარს.მგოსანი კი იქ ტყის სულებს ეძებს და ცელქ სილფიდათა ფერხულს აჰყვება,წვიმაში ცრემლებს ამოიცნობს,წყვდიადში ელვარე მზეთა სრბოლას დაინახავს,სიჩუმე კი მას იერიქონის საყვირით გამოეხმაურება.ყველაფერს სული უდგია,გარეგანი ფორმა მხოლოდ მისი სიმბოლოა.საგნის შემეცნება in se შეუძლებელია და მიუწვდომელი.იგი ჩვენთვის იმდენად არსებობს,რამდენადაც სულის სარკეში იდეად აღიბეჭდება.
ცივილიზაცია პოეზიის მოსისხლე მტერია;მას ალეგორიებით უყვარს ლაპარაკი,როგორც დახავსებულ,დრომოჭმულ კუდიანს.ბავშვი სიმბოლოებით აზროვნებს,რადგან ბუნება მასში უფრო ძლიერია,ვიდრე ზევსის თავიდან გადმომსკდარი ინტელექტი.პირველყოფილი ადამიანის შემეცნებაც პლასტიურია;აქ არის რელიგიის და მითოლოგიის უკვდავების წყარო,ლეგენდისა და ზღაპრის ქარავანთა სამშობლო.აქ იხილა მზე არიანამ,ევრიდიკემ,ჰერკულესმა,ცხრათავიანმა დევმა,ყარამანმა.
პოეზია უფრო ემოციაა,ვიდრე შემეცნება,მაგრამ გაუგებრობის თეორიის დოგმად აღიარება მისტიფიკატორის საქმეა,წერაკითხვის უცოდინარი ასოთამწყობის დროს გატარება,უნიჭო შეგირდის და არა ოსტატის ქმნილება,გაუგებრობის ბრალი.სიტყვის მაგიასაც თავისი საკუთარი კანონი აქვს,როგორც მუსიკას.სიტყვასა და მუსიკას შორის დიდი ზღვარია.მუსიკა პირველყოფილი ხელოვნებაა და თავისი საკუთარი რიტმი აქვს.მისი დაუღლება სიტყვასთან პოეტურ პროზას ქმნის და არა თვით პოეზიას,რომელიც თავისი ბუნებით პერსონალური და არადუალურია.მხოლოდ ტექნიკის იარაღით პოეტური ნაწარმოების გამოკვეთა კალატოზობაა და არა ინტუიციით სხივმოსილი ხუროთმოძღვრება.
პოეზია მარადისობის ბანია,მაგრამ მისი ექსპრესია დროთა რკალებით არის გარემოცული.აბსოლუტური ღირსების ანაქრონიული ნაწარმოები ადამიანს ჯერაც არ წარმოუშვია.
გაჰქრა უწყალოდ წარსულ სიმბოლოთა სამეფო,თავისი სანახაობით რომ სულს ათრობდა.მის ნანგრევებზე ახალი კოშკები წამოიჭედნენ;ზოგთა სანათური მუდამ ღიაა მარადისობის ცვალებად მზეთა სხივთათვის,ზოგთა კი დოგმის მძიმე ლოდით არის გარემოცული.
მაგრამ რა სიმაგრეა დოგმა,ფუტური მუხა,ბენძღი ობობას ქსელი,რომელიც ყოველთვის ერთგვარი სისტემით არის მოქსოვილი,იმ გიჟ მისტერიის ალეგორიული ტალღებისთვის,რომელიც ადამიანის სულს თავისაკენ იტაცებს?!
ეკსტასის!
ერეკლე ტატიშვილი,1923 წ.

No comments: