ახალი ევროპა.ლიტერატურული პარიზი

სანამ კონსტანტინე გამსახურდიას ამ ესსეს შემოგთავაზებდეთ,მინდა მოკლე კომენტარი გავუკეთო მისი განთავსების მიზეზს,რომელიც უპირველეს ყოვლისა, ლიტერატურისა და თავისუფალი აზროვნების სიყვარულიდან გამომდინარეობს.დღეს,როცა ხელოვნებამ არაფერი იცის და ვერაფერს ხედავს,ყველაზე უფრო გვჭირდება რეალიზება,ძველის აღქმა და გააზრება,ახლის კონტურების დანახვა.ეს პროცესი ერთგვარი ჯაჭვია,რომელსაც თანმიმდევრობით სჭირდება გაყოლა.ხოდა,ჩვენც გავყვეთ...

1.მითოსს მოკლებული დრო

ევროპული კრიზისი!
ეს სიტყვები გაცვდა მწერლების პირში.ნახევარი საუკუნე კრიზისის ანალიზი.
ფრიდრიხ ნიცშემ წამოაყენა ეს პრობლემა ევროპული კრიზისისა.მისმა თანამედროვეობამ სიგიჟეში ჩამოართვა მას ეს განცხადება.ნიცშე ჰგრძნობდა ათასეული წლის უღელტეხილთან მიღწევას,გაუგონარ კატასტროფას,რომლის სახელი თავათაც არ იცოდა.ამ კრიზისის კონტურები ჩვენი თანადროულობისათვის უფრო ხელშესახები გახდა.
ეგებ ნიცშესეული კატასტროფა ეს იყო ხუთი საუკუნის ინდივიდუალური წყობილების აღსასრული?
შუბლით ვეხლებით ახალ დროს;მისი საუკეთესო ეპიტაფიაა:მითოსს მოკლებული დრო.
მიზეზები შეიძლება უფრო შორს ვეძიოთ.
რენესანსი.
მისი დამსახურება?მან ადამიანი თეოლოგიის არტახებიდან გაანთავისუფლა.
გაანთავისუფლა,მარტო დასტოვა.ვინ იტყვის ასეთი განთავისუფლება უფრო მძიმეა,თუ მარტოობის ტრაგედია?!
საშუალი საუკუნე_ღმერთთან თანაზიარობა.ღმერთთან თანაზიარობის მოგვი_ეკლესია.მას ექვემდებარებოდა:სახელმწიფო,მეცნიერება,ხელოვნება.
ამის ნაცვლად განთავისუფლებულ ადამიანობას ხელში შერჩა უფლება მარადიული ადამიანისა...ამ უფლებიდან იწყება ინდივიდუალიზმი,ამ უფლებაში_ჩვენი დროის იმპერიალიზმი.კაპიტალიზმი.აქედანვე იწყება დაუსრულებული ევროპული კრიზისი.ამ მოვლენას ვერც მწერალი და ვერც მკითხველი გვერდს ვერ ჩაუვლის.
საერთო ფონი თანამედროვე ევროპისა:მეცნიერებაში რელატივიზმი,ხელოვნებაში ფუტურიზმი და დადაიზმი,ყალბი ცივილიზაცია.უსულო მექანიზაცია.
უკანასკნელმა ომებმა და რევოლუციებმა ყველა დაარწმუნა,რომ ”ასე არ შეიძლება”,რომ ახალი უნდა იშვას.ცხადია,თანამედროვე ევროპის მწვავე ტკივილები ახალი იდეალების წარმოქმნით უნდა იქნეს გამოსყიდული (ძნელი სავარაუდოა, რა ახალ იდეალებს გულისხმობს ავტორი,კომუნისტებისთვის ალბათ ეს მარქსიზმ-ლენინიზმი იქნებოდა_მოდუსი).

2.ლათინიზმი თუ გერმანიზმი
გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან გერმანია უწევს ევროპას ინტელექტუალურ დირიჟორობას.ევროპის ჰეგემონიას გერმანია პოლიტიკურადაც ესწრაფებოდა განახლებული იმპერიის პირველი დღეებიდან.გერმანიის ტრაგედია სწორედ ის არის,რომ იგი თუმცა ფაქტიურად დამარცხებულია,მაგრამ იგი არ ჰგრძნობს თავს დამარცხებულად.პუანკარემ ერთ-ერთ სიტყვაში განაცხადა კიდევაც:”რურის ამბები მხოლოდ იმისთვის იყო აუცილებელი,რომ გერმანიას დამარცხება ეგრძნოო”.
პოლიტიკური ვითარება ტონის მიმცემია კულტურის მსვლელობისათვის.ინგლისელი ესთეტიკოსი ოსკარ უაილდი ამტკიცებდა,თითქოს ხელოვნების გავლენა იყო პრიმერული.შეცდომაა.ისტორიის ასპარეზზე პრიმერული მნიშვნელობა პოლიტიკურ მომენტს ჰქონია ყოველთვის.არც ერთი არტისტული სკოლა არ წარმოშობილა პოლიტიკური ატმოსფეროსაგან დამოუკიდებლად.თუნდაც სიმბოლიზმი!
1870-71 წლების დამარცხებამ წარმოშვა საფრანგეთში სიმბოლიზმის უნუგეშო ფილოსოფია.
პოლიტიკური კატასტროფა მუდამ წინ უსწრებს სულიერ რენესანსს.პოლიტიკურმა დამარცხებამ მსოფლიო ომში სავსებით შეარყია გერმანიის სახელმწიფო;რევოლუციის დემონს მუდამ თან ახლავს დაუცხრომელი ძიების დემონი.იგი ხელოვნებაშიც შეიჭრება.
1918 წლის გამარჯვებამ განამტკიცა საფრანგეთის ბურჟუაზიული რესპუბლიკა...ამ ფაქტმა გაანელა რადიკალიზმი ხელოვნებაში.საფრანგეთის როგორც ლიტერატურაში ,ისე მხატვრობაში,ტრადიციონალიზმია გამეფებული.
1923 წელს მე ვნახე ბერლინში პიკასოს და ბრაკის მოწაფეების სურათები.გერმანელი მოწაფეები უფრო რადიკალურები აღმოჩნდნენ,ვიდრე თვით პიკასო და ბრაკი,_როლები შეიცვალა.
საფრანგეთი,რომელიც რევოლუციის კერა იყო მე-18 საუკუნეში,დღეს ”ანსიან რეჟიმის” ციხე-სიმაგრედაა ქცეული.ამ გარემოებამ ”რეაქცია” გამოიწვია ხელოვნების ყველა დარგში.მარინეტი ამჟამად დადუმებულია ჩამქრალი ვულკანივით.პარიზში არავითარი გავლენა არა აქვთ არც ფუტურისტებს,არც დადაისტებს,არც ექსპრესიონისტებს.უკანასკნელი ომის დროს მეტი რეზონანსი ჰქონდათ მათ.რევოლუცია და ომი უდიდესი განმანაყოფიერებელი ფაქტორებია.ეს მომენტი ჩემთვის უფრო საინტერესოა,ვიდრე მათი პრაქტიკულ-პოლიტიკური შედეგები.
70-71 წლების საფრანგეთის ”კუ დ’ეტამ” სიმბოლიზმი წარმოშვა.1918 წლის გერმანიის რევოლუციამ ექსპრესიონიზმის გაძლიერებას შეუწყო ხელი.
აღსანიშნავია ისიც,რომ ორივე მოძრაობას ნიცშემ მისცა იმპულსი.
ფრანგ-გერმანელთა დაპირისპირებისთვის ვისაუბროთ:არამარტო სიმბოლიზმი,თვით ჰიპოლიტე ტენის და ემილ ზოლას ნატურალიზმის სათავეები გერმანიაში უნდა ვეძიოთ,რადგან საფრანგეთის ნატურალიზმის მამამთავარი_ტენი ჰეგელიდან გამოვიდა.გერმანია,როგორც ფსიქოლოგიური ფაქტორი,უდიდესს ზეგავლენას ახდენს საფრანგეთზე,როგორც ლიტერატურაში,ისე სოციალურ ცხოვრებაში,თვით დღევანდელი საფრანგეთის ტონის მიმცემი ანრი ბერგსონი ნიცშეს ინტელექტუალური ვასალია.მიკერძოება რომ არ დამწამონ,თვით ფრან მწერალს ვალარაკებ:
”ბერგსონის დიდი იდეების,დიდი აზროვნული კონცეპციების უმთავრესი ნაწილი ერთგვარი იდეური დვრიტის სახით(თუმცა ხშირად კონსექვენტურად განუვითარებელნი)მოცემულია ნიცშეს ფილოსოფიურ ქმნილებეში”(1918,16,3)
თუ მე-18 საუკუნეში ინგლისური სანიშნოებით მიდიოდა ევროპის კულტურა,სოციალურ ცხოვრებაში საფრანგეთი იყო ავანგარდი,ჰეგელიდან დღემდის,თუმცა უჩინრად,მაგრამ არსებითად გერმანია მიუძღვის წინ ევროპიულ კულტურას.ლიტერატურაში,ფილოსოფიაში,მუსიკაში,სოციალურ ცხოვრებაში გერმანია იძლევა ახალ იდეებს.ერთადერთი დარგი ხელოვნებისა,რომელშიაც საფრანგეთს შერჩა უპირატესობა,ესაა მხატვრობა,საერთოდ პლასტიკური ხელოვნება.
გერმანია-საფრანგეთის დაპირისპირება უმწვავესი პრობლემაა ევროპის კულტურათა პირველ დღეებიდანვე.ბრძოლა გერმანიზმსა და ლათინიზმს შორის მთავარი მოტივია ევროპულ განვითარებაში დანტედან ჩვენს დრომდის.გერმანელობისა და ფრანგობის ბრძოლა,ეს მისტიციზმის და ნათელი რაციონალიზმის.კათოლიციზმის და პროტესტანტიზმის დაუსრულებელი ჭიდილია.
გერმანელი იდეალისტია,ფრანგი იდეოლოგი.გერმანელი ბუნებით მისტიკოსია,ფრანგი_ბუნებით რაციონალისტი.ფრანგული გენია თავის ლოგიკური და ნათელი კონცეპციებით გაცილებით ახლოსაა ბერძნულთან,ვიდრე გერმანული.
ფრანგებისთვის საერთოდ გაუგებარია გერმანული ტიტანიზმი,სულიერი მარტვილობანი და ძიებანი დოქტორი ფაუსტუსისა.ფრანგი უფსკრულებს და და სიბნელეს ერიდება,რადგან მისი ხალხური ნატურელი_მარჩხაა.მაჩვენეთ თუნდ ერთი,ეგზომ აღტყინებული,ბობოქარი მსოფლიო ისტორიული სტიქიონი საფრანგეთში,როგორც ლუთერი.
დუელი სამყაროსთან ახასიათებს როგორც ლუთერს,ისე ნიცშეს.
გერმანელი მუდამ კოსმიური პრობლემების ბორბალზეა დაბმული.გერმანელების სულიერი ტრაგიზმი ექსპანსიურობით განისაზღვრება.უფსკრულების თავზე ზარატუსტრას დაკოდილი არწივების ქროლვა.ბეთჰოვენისეული ”ყელს მოგეხვევით,მილლიონებო!”(სიტყვები შილერია,მუსიკა ბეთჰოვენისა).
აი,რა არის გერმანელობა.
ფრანგული ხელოვნება ნაციონალურია თავის შინაარსით და ფორმით.გერმანული ფორმით_ნაციონალური,შინაარსით_კოსმიური.ფრანგული სულობა მუდამ ნაციონალურ არტახებითაა შებოჭვილი,გერმანელობა მუდამ კოსმიურ მერიდიანებს უმიზნებს.ფრანგი სუბიექტივისტია.აქედან:ფრანგული სული_ლირიული,გერმანული_ეპიური (მე ვიტყოდი ”პათეტიური”_მოდუსი),
ფრანგული რევოლუცია,ეს იყო პიროვნების ამბოხი სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ.რობერსპიერის და მარატის რევოლუციური ტირადები უასაკო გიმნაზიელის მონოლოგებია ლუთერისა და ნიცშეს ამბოხთან შედარებით.გერმანულ შეგნებაში პიროვნება მუდამ ზვარაკია სახემწიფოს,ღმერთის,ეთიური იდეალის ტრაპეზზე.
კანტმა და გერმანელობამ შეჰქმნეს მოვალეობის აპოლოგია.ეს მოვალეობის ფილოსოფია არავის ისე არ ესმის,როგორც თვით გერმანელობას.ამიტომაც,არც ერთ არაგერმანულ პოლიუსზე არ ესმით კანტი,ამიტომაც არცერთ კულტურულ ენაზე არ არსებობს კანტის წმინდა გონების კრიტიკის ზუსტი თარგმანი.გერმანელობა ცოცხალი,მისტიური მოდგმაა ევროპული ცივილიზაციის შუადღეში.ალიგიერი დანტე გერმანელ კეისარს უხმობდა მსოფლიოს მოსარჯულებლად.ამიტომაც გერმანული მესიანიზმი არაგერმანელ დანტესთან იწყება.
გერმანელი მარადიულ ღმერთთან მორკინე იაკობია.მის ფანტაზიას მუდამ ბიბლიური კიბე სჭირია,რომ ღმერთი ციდან ჩამოიყვანოს,ღმერთს ებრძოლოს მიწაზე და თვით ეწამოს ღმერთის წამებით.ღმერთთან ბრძოლით თუ აიხსნება ფაუსტის სულიერი კატასტროფა.ღმერთთან ბრძოლამ დაუბნელა მზე ჰოლდერლინსა და ნიცშეს.ფრანგობისათვის ეთიკაც პრაქტიკული მოსაზრების საგანია.გერმანელობისათვის ეთიური მასშტაბია მსოფლიოს შესატყვისი.ასეთივე პრაქტიკულ იერს ატარებს რელიგიაც ფრანგობის თვალში.გერმანელ ჰერდერისათვის კულტურული ურთიერთობა რელიგიოზურ თანაზიარობას ნიშნავდა.ამიტომაც რელიგიური მომენტი უმთავრესია გერმანულ ხელოვნებაში.ხელოვნებას მუდამ რელიგიის მომიჯნედ გულისხმობდნენ ნიცშე და ვაგნერი,გოეტე და ჰოლდერლინი.

3.სიმბოლიზმის კატასტროფა
გასული საუკუნის მიწურულში უპირატესად ფრანგული სიმბოლიზმი აძლევდა ტონს ევროპულ ლიტერატურას.მისი სათავეები:ნიცშეს და ვაგნერის გერმანიზმი,ფლანდრიული მისტიური პაგანიზმი,ფრანგული ანარქიზმის დემონი.აგრე ეგონათ:სიმბოლიზმით გაიხსნებაო ახალი დიდი ლიტერატურული ერა.მიუხედავად იდეური სისხლის აღრევისა,ამ მოძრაობას ფრანგული დამღა შერჩა.როგორც კულტურ-ფილოსოფია სიმბოლიზმი პოზიტივების,პარნასისტებისა და ნატურალისტების დაპირისპირება იყო.
სიმბოლიზმის მთავარსარდლები:სტეფან მალარმე,არტურ რემბო,შარლ ბოდლერი,კონტ ლოტრეამონ.
ხოლო საფრანგეთის გარეშე:მორის მეტერლინკ,ჟორჟ როდენბახ,დანიელ იაკობსენ,იტალიელი დ’ანუნციო.რამდენადაც მაღალნიჭიერნი იყვნენ ამ ლიტერატურული ლაშქრობის მთავარსარდლები,იმდენად უძლური მათი ეპიგონები.
სიმბოლიზმის ეპიგონების თაობა არ იყო ღარიბი კულტურით,მაგრამ მათ აკლდათ ინდივიდუალური გენია.ამ მოძრაობამ მთელი თავისი ძალა ახალი ფორმების ძიებას შეალია.ბოლოს,პოეზია რითმის აკრობატობამდის მივიდა.მათ ეწადათ გაუგონარი რევოლუცია მოეხდინათ პოეზიაში,მაგრამ ეს ცდა გაუგონარი ბანკროტით დასრულდა.
აღსანიშნავია,რომ სიმბოლიზმი სხვადასხვა ნაციონალურ მილიოში ფრანგული სიმბოლიზმის ეტლს გადასცდა(გერმანული და რუსული სიმბოლიზმი).
იმავე სანიშნოებით იწყება ნეოსიმბოლიზმიც:ფრანცის ვ.გრიფენ,ანდრი დე რენიე,სტიუარტ მერილ,ანდრე ჟიდ,კამილ მოკლერ,რემი დე გურმონ.
იდეოლოგიურად საინტერესოა რენე ჟილი თავის L'instrumentation verbale-თი.
რენე ჟილი ხმოვნებში ფერადებს ეძებს.სიტყვის მარცვლები ლექსის ინსტრუმენტს უნდა გაეხმაურონ.მთლიანი ლექსი უნდა წარმოდგენილ იქნასო,როგორც მთლიანი ორკერსტრი.ამ მეთოდით ეძიებს ჟილი ადამიანური კულტურის ფილოსოფიის სინთეზს.ამ თეორიას აჰყვა ჟილის მოწაფე სტიუარტ მერილ,რომელიც ამერიკიდან ევროპაში ჩამოვიდა ასონანსებზე და ალიტერაციებზე ”სანადიროდ”.
სიმბოლიზმის ეპიგონებს ლექსის კულტურა ტიპოგრაფიულ ნიშნებით ვარჯიშობამდის დაჰყავდათ.აქ აშკარად ჰგრძნობთ ლექსის ინსტრუმენტისადმი დამონებულ პოეზიას.
სიმბოლიზმის რეაქცია 1891 წლიდან იწყება.
ჟან მორეასის მანიფესტი,”რომანული სკოლის” დაარსება.მორეასის ”Pelerin Passione"-ში გამეორებულია ძველი თეორია:ბერძნულ და ლათინურ კულტურათა დაახლოება ფრანგულ სულთან.სანიშნოები:ათინა,რომი,პარიზი.
საფრანგეთის კულტურის სათავეა ჰელადა და რომი.მოდერნული ფრანგული კულტურა უნდა დაუბრუნდეს ამ მარადქალურ პირველ სათავეებს.
Pelerin Passione-ს ავტორის გარშემო დაჯგუფდნენ:მორის დე პლესის,რაიმონ დელლა ტელედ,ერნესტ რაიმონ,შარლ მორას.
ამ პოეტებმა გააცოცხლეს ყველა ბერძნულ-რომაული ღმერთები.ეკოლ-რომანისტები ლექსის რესტავრაციას შეუდგნენ.უარყოფა თავისუფალი ლექსისა,მათემატიკური ჰარმონიის აღდგენა ლექსის სტრუქტურაში.
ეკოლ-რომანისტები უარჰოფდნენ მოდერნულ ცხოვრებას,მოდერნულ გრძნობებსა და ემოციებს.მსოფლიო კაპიტალიზმის ფონი არ იძლევა პოეზიის თემებს.აქედან :ოლიმპის გაცოცხლება.
მეორე ასის უკიდურესმა რომანიზმმა იმსხვერპლა მაღალნიჭიერი პოეტი მორის დე პლესის.საშინელი გრამატიზმი.სამსართულიანი ბიოლოგიური ცნებები.არაბუნებრივი პათოსი,რომელიც ხშირად რიტორიკაში გადადის.მითოლოგიის ლექსიკონი უნდა გეჭიროთ ხელში,როცა მის Palas Occidental-ს და Odes Olimpigue-ს ჰკითხულობთ.
Que si_ai sur lyrc
Tait d'un doigt bien appris
Bruite
Rome,Athenes,Paris(Odes Olimp.)
ქვევით:
O Dian fidele
Humeur Olimpien
Modele
Mon esprit surletien...
მის ლექსებს ზეთის სუნი უდის.
ჟან მორეასის პოეზიას არ აკლია დიდი და გულწრფელი პათოსი ლათინური გენიისა.მის ლექსებში ჰკრთის ბერძნული სისადავე,ჰარმონია,სიმჭევრე და ძველ-ლათინური გრაცია.მისი პოეტური ხატები გამჭვირვალე და რჩეული,როგორც ბერძნული კრისტალი ვაზები.მისი ლექსი_ლაღია და უზადო.
ეტაპების მიხედვით თუ მივუდგებით თანამედროვე ფრანგულ პოეზიას,ბევრი მაღალნიჭიერი პოეტი განზე დარჩება.ზოგიერთი პოეტი ვერც ერთ სკოლას ვერ ეგუება.ერთი მათგანი არ შემიძლია არ ვახსენო.
თანამედროვე ევროპას სამი დიდი ქალი ჰყავს.სკანდინაველი_სელმა ლაგერლოფ,გერმანელი_რიკარდა ჰუხ,ფრანგი_ლა კონტესს ანნა დე ნოელ.გამოაკელით ეს სამი ქალი მსოფლიო ლიტერატურას და მაშინ უნებლიეთ უნდა დავეთანხმოთ ანტიფემინისტებს,რომ ქალისათვის აქტიური შემოქმედება მიუწვდომელია.
სამივე პოეტესა მარად ქალური პრიზმით შეჰყურებენ ბუნებასა და ცხოვრებას.როგორც მიჯნური,როგორც ცოლი,როგორც დედა,მათ სრულიად ეუცხოვებათ ის მოდერნული ქალაბიჭური იდეები,რომელიც თანამედროვე ქალს საზიზღარ ჰერმაფროდიტად აქცევს ხშირად.
ლა კონტესს ანნა დე ნოელ ერთი შესანიშნავი პოეტთაგანია დღევანდელ საფრანგეთში.
მახვილი და ელასტიური ინტელექტი.არაჩვეულებრივი ერუდიცია.დიდი არტისტული გემო.მისი ლექსების მისტიური,სევდაგადაკრული გრაცია ალაგ-ალაგ ნოვალისის ცისფერი რომანტიკით სუნთქავს.
ფრანგული კულტურის ქალური სინაზე შეუდარებლად ენამჭევრობს დე ნოელის პოეზიაში.გოეტე ამბობდა ფრანგებზე:რასაც ქალები მოასწავებენ მამაკაცთა შორის,იგივეა ფრანგები ერთა შორისო.
je viens,portant sur moi,
La douce odeur des mondes.
(”მოველ მოსილი ამქვეყნიურ ტკბილ სურნელებით”).
დე ნოელის ”Les Vivantes et les Mortes"(”ცოცხალნი და მიცვალებულნი”)_უმშვენიერესი საჩუქარია ფრანგული პოეზიისათვის(1913წ.).
ფრანგ სიმბოლისტების ძველი თაობიდან,სტეფან მალარმეს გარდა,ყველაზე ძლიერ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე პოეზიაზე ემილ ვერჰარენ.
ვერჰანერმა ჯერ კიდევ ომის დროს უღალატა l'art pour l'art-ის თეორიას და ძველს იმპრესიონისტულ ესთეტიზმს.თანამედროვე ინდუსტრიალი კულტურის მისტიური ვიზიონერი_ვერჰარენ ექსპრესიონისტული გაგების კოსმიური პოეტია.
ოკეანის გადაღმიდან ევროპულ პოეზიას გზას უნათებს უოტ უჲტმენი.
თავის ურბანიზმითა და პურიტანიზმით უჲტმენ გაცილებით უფრო ახლოა ექსპრესიონიზმთან,ვიდრე ნატურალისტებთან.
ვერჰარენ და უჲტმენი მომავალში სადავო მამათავრები გახდებიან ნატურალისტებისა და ექსპრესიონისტებისათვის.
საინტერესოა როგორც ლიტერატურული ძიება:დადა.ამ მოძრაობას სათავეში უდგანან ტრისტან ტცარა,ლუი არაგონ,ანდრე ბრეტონ.დადაიზმი არტურ რემბოს ესთეტიკის ზერელე ინტერპრეტაციის შედეგია.ამ ცოდვაში გიიომ აპოლინერსაც ედება ბრალი.

4.ფრანგი ექსპრესიონისტები
ექსპრესიონიზმი ბევრს ნაციონალური გერმანული მოძრაობა ჰგონია.ეს დიდი შეცდომაა.უკანასკნელ ათეულ წლებში მთელს ევროპაში საგრძნობი გახდა მისტიურ რელიგიური გრძნობის რენესანსი.საფრანგეთში ანრი ბერგსონმა დაამსხვრია რაციონალიზმის ციტადელი.გერმანიაში მოაზროვნეთა ლეგიონები იბრძოდნენ ამ მიმართულებით.გერმანია მისტიკის სამშობლოა.
ცხადია,ჩვენი საუკუნის მისტიური რენესანსი იაკობ ბოეჰმეს,მაისტერ ეკჰარტს და ანგელუს სილეზიუსის სამშობლოში უნდა დაწყებულიყო.
ფრანგული მწერლობის ახალი თაობის მარშიც რაციონალიზმის ციტადელებზე ბერგსონამდე დაიწყო.მისი მოძღვრება "elan vital"-ზე(”სასიცოცხლო ნახტომი”) და ინტუიციის გამოცხადებითი ძალის შესახებ ურყევი სარწმუნოების სიმბოლოა მისტიურად განწყობილი ახალი თაობისათვის.გერმანიაში ნიცშეს შემოქმედების პირველ ეტაპზე გათავდა ინდივიდუალიზმის ტრაგედია.სულით ავადმყოფი ნიცშე უკვე ჰგრძნოდა გაორებას.იგი აშკარად აცხადებდა,რომ აქ მარტოსვლა არ შეიძლება,რომ მოდის საუკუნე მასების მისტიკისა.ნიცშეზე გვიან,ახალი საუკუნის რიჟრაჟზე ფრანგმა პოლ ადამმა იგრძნო მასსების მისტიკის პირველი პოზაუენის ხმა.
La mystere des Foules!(”შეშლილთა მისტერია”)
პოლ ადამის მასების მისტიკას გაეხმაურა ლირიკოსი და რომანსიე ოჲჟენ მონფორ.
ამავე სანიშნოებით მოდის ჟაკ რევიერ(La roman d'aventures N.Revue francaise,1913).1980 წ. პარიზში არსდება ლიტერატურული კლუბი ”l'Abbaye".ინიციატორები შარლ ვილდრაკ,რენე არკოს,ჟორჟ დიუჰამელ.ეს კლუბი მცირე ხანში დაიშალა.იგივე პოეტები გაერთიანდნენ ჟიულ რომენის La vie Unanime-ის გარშემო.მათი დეკლარაცია:ახალი ჰუმანიურობა პოეზიაში.შარლ ვილდრაკის Chants desesperes მართლაც სასოწარკვეთილი ამღერებაა ომით განადგურებულ ევროპაზე.
ფრანგი ექსპრესიონისტები ისევე უარყოფითად შეჰხვდნენ უკანასკნელ მსოფლიო მასაკრებს,როგორც მათი გერმანელი კოლეგები.საგულისხმოა,სიმბოლისტები აპოლიტიკოსები იყვნენ.მსოფლიო ომის შემდეგ ისეთი მწვავე ხასიათი მიიღო მსოფლიო პოლიტიკამ,რომ აპოლიტიკოსობა დღეს მხოლოდ შარლატანებს შეუძლიათ.ყოველთვის და ყოველ დროში ხელოვნებისა და კულტურის ბედი დიდი პოლიტიკიდანაა დამოკიდებული.
ექსპრესიონისტების პოლიტიკური კრედო:
ძირს მსოფლიო ომი,ძირს მსოფლიო კაპიტალიზმი!
ომმა წარმოშვა ახალი,გათახსირებული კლასი,რომელიც არსებითად განსხვავდება თავისი წინაპრის,უფრო ”განათლებული” ბურჟუაზიისგან.
უკულტურო,”ნუვორიშ”(”ახალი დროის მდიდარი კაცი”),სპეკულანტი.
რენე არკოსს ახალ ეთიურ იდეალებს ჰქადაგებს.
”Le meilleur homme"_უკეთესი კაცი!სინტეზი ღვთაებრივის და მარადიულის!
ჟორჟ დიუჰამელმა მთელი ყურადღება მიიქცია თავისი ”Vie des martyrs et civilisation"-ით_”მარტვილთა ცხოვრება და ცივილიზაცია”.რამდენადაც ორიგინალური დიუჰამელის არტისტული ფილოსოფია,იმდენად უსრულოა მისი წერის მანერა;იგი ფორმალიზმის უარყოფამ მეორე უკიდურესობამდე მიიყვანა.დიუჰამელის ფორმას დიდი დაუდევრობა ეტყობა.
ჯგუფების გარეშე დიდად თვალსაჩინო ფიგურაა ვალერი დარბო(ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდა 1902წ.).ვალერი დარბოს პოეზიაში ოკეანიის ხომალდების და ბენზინის სუნი სდის.ვალერი დარბო ევროპული კოსმოპოლიტიზმის პოეტია.”სამყარო ვითარცა გაფართოებული სამშობლო”.აქ იგი გოეტეს კოსმოპოლიტიზმს უკავშირდება.ვალერი დარბო უმღერის ევროპული დიდი ცივილიზაციის მწუხრსა და ცისკარს.დარბო მარინეტიზე ადრე იყო ფუტურისტი.

5.კლოდელი და ბარესი
მარტოხელათა შორის აღსანიშნავია პოლ კლოდელი თავის მეფურ მარტოობაში.ამ ტიპის პოეტები ლიტერატურულ მარქაფებს არ დაეძებენ.
პოლ კლოდელი ახალი საფრანგეთის სიამაყეა.
მისი პოეზია მღვდელმსახურებაა მისტიურად მურუჟიან გოტიურ კათედრალის თაღებს ქვეშ.მისი დიდი ხმა ორღელია გოტიურ კათედრალისა.
კლოდელი კათოლიკური მისტიციზმის პირმშოა.ღრმა რელიგიოზური გრძნობებითაა გამთბარი მისი ”ვერზეტები”,მისი პატარა პოემები და დრამები(l'otage,l'Anonce fait Marie).
თანამედროვე ფრანგ რომანისტებს ანატოლ ფრანსი,ანდრე ჟიდი,მორის ბარესი და ახალი თაობიდან ჟან კოკტო(თავის ”თომას ლ’იმპოსტერით”)აძლევს ტონს.უახლეს პოეზიის შეფებად პოლ კლოდელი და ვალერი დარბო უნდა ჩაითვალონ.
ჯერ კიდევ 1902 წ. გეორგ ბრანდესმა მიაქცია ყურადღება კლოდელს.ცხადია,გასული საუკუნის ფხიზელ რაციონალიზმზე აღზრდილი ბრანდესი უარყოფითად ექცევა კლოდელის მისტიციზმს.
პარიზში(1923 წლის ოქტომბერში)კერძო საუბარში ბრანდესმა განაცხადა:პოლ კლოდელი საფრანგეთის რეაქციის სულის ჩამდგმელიაო.იგი ამ მხრით მორის ბარესს უახლოვდება.იდეოლოგიურად პოლ კლოდელი ბერგსონს ემყარება.მისი რელიგიური მსოფლმხედველობა ლირიულად განსახიერდა მის ხუთ ოდაში.
Soez beni,mon Dieu,qui m'avez delivre de la mort.(იყავ კურთხეულ,უფალო ჩემო,რომ დამიხსენი სიკვდილისაგან).
თავის "l'Art poetique"-ში იგი კათოლიკურ მეტაფიზიკას ჰქადაგებს.
ხილული და უხალავი სამყარო ერთი ჰარმონიული ღვთაებრივი სუნთქვითაა გამთბარი.კოსმიურობაში ღვთაებრივი ჰარმონიის აღმოჩენა.
არტურ რემბოს და შარლ ბოდლერის დემონიური პოეზიის სტიქიონიდან გამოსული კლოდელი უმეშვეოდ უკავშირდება ალიგჰიერი დანტეს მისტიურ მეტაფიზიკურ რეგიონებს.
პოეზიაში თუ პოლ კლოდელი მეთაურობს ანაბაზისს ალიგჰიერ დანტესაკენ,პროზაულ ლიტერატურაში მორის ბარესს ხელმძღვანელობს ამ უკუქცევას.
ფრანგული სულობა იტალიურ რენესანსზე აღორძინდა.ამიტომაც გასაგებია ამ ორი გიგანტის დანტესკენ უკან მოხედვა.დანტეს სიკვდილიდან 600 წლის შესრულების გამო სამი სიტყვა წარმოსთქვა მორის ბარესმა პარიზში:დანტე,პასკალი,რენანი.
”დანტეს პურგატორიოში განსახიერებულია ძალა და ძლიერება ოგიუსტ ბარბიესი,ესთეტიზმი დანტე გაბრიელ როზეტის,ფლუიდობა პოლ ვერლენის და რობერტ ბროვნინგის მისტიციზმი”.
”დანტეს ”სამოთხე” ეს სურვილის ექზალტაციაა.ექზალტაცია ჭვრეტისა.ბერგსონი იცნობს ნეტავი დანტეს სამოთხეს?”
”ბერგსონი,რომელიც ექსპერიმენტულ მეტაფიზიკის(sic!კ.გ.)შექმნისათვის ოცნებობს,იცნობს თუ არა იგი ამ სახეებში,სიმბოლოებში ამეტყველებულ მისტიკისა და მეტაფიზიკის უდიდეს ესსეის?”(მ.ბარეს.დანტე.პასკალი.რენანი.).
დანტეში ჰხედავს მორის ბარესი უდიდეს მიჯნას,რომელიც მერმისშიაც უნდა იქნეს ზღუდე გერმანულსა და ლათინურ კულტურათა შორის.აქ თავს იჩენს ბარესის გერმანოფობობა.
თანამედროვე საფრანგეთის იდეური ინსპირატორები მორის ბარეს და ანატოლ ფრანს,როგორც მთელი რომანული სკოლა უახლესი პოეზიისა,თუმცა სხვადასხვა რიგად,მაგრამ ყველანი გერმანულ-ლათინური კულტურის პირველსათავეებისაკენ იშვერენ ხელს.ასეთივე რანგის დიდი მწერალი რომენ როლანი,წინააღმდეგ,გერმანიას შეჰყურებს როგორც მესსიას.მისი ინსპირატორია გერმანელი ბეთჰოვენი.

6.ახალი ადამიანი

მორის ბარესის და ანატოლ ფრანსის ინტელექტუალური ანაბაზის ანტიკისა და რენესანსისაკენ მრავალგზის ნაცადია.
ევროპული კრიზისის მიზეზები ამ უკუქცევით ამოიწურება.ევროპის სულიერი კრიზისი,ეს არ არის სტილის კრიზისი,არც იდეური გაკოტრება.
მითოსს მოკლებული დრო.აქ არის სიმძიმე.
როგორც ქრისტიანული ერის პირველ ათასეული წლების მიწურულში,დღესაც რადიკალური გარდატეხის მოლოდინში ვართ.ათასეული წლების უღელტეხილები ძნელი გადასავალი ყოფილა.
არა მარტო ხელოვნება,თვით სოციალიზმი რელიგიად უნდა იქცეს.სოციალიზმი ჩვენ თვალწინ რელიგიურ იერს ღებულობს.
ექსპრესიონისტების უახლესმა ლიტერატურულმა თაობამ სწორედ შეიგნო ევროპული კრიზისის მთავარი მიზეზი.მითოსს მოკლებული დრო უნდა დაძლეულ იქნას.მიტომაც ექსპრესიონიზმი არ არის ლიტერატურული სტილის საკითხი.იგი უპირატესად ახალი რელიგიის ფეხმძიმობაა.
ახალი ეთოსი.
ახალი ჰუმანიურობა.
ახალი ადამიანი,_ისმის სცენიდან,პოეზიიდან,კათედრიდან.
”მოიტათ ახალი ადამიანი”,_გაისმის ფრიც ფონ უნრუჰს უკანასკნელ ტრაგედიაში:”ვარდების ბაღნარი”("Rosengarden").ზეცის დრივეები უნდა გაიხსნას.დინამიტით ავაფეთქოთ ძველი მიწა და ძველი იდეალები!
ახალი თაობა ციდან ჩამოდის.ტრაგედიის გმირი_დიტრიხი ჰამლეტის ტკივილებითაა სნეული.მისი სიყვარულის გმირები:ელინორ და ვერონიკა.ელინორ_ხატებაა მიწიერი სიყვარულისა.ვერონიკა_ზეციური ზმანებისა(დაუპირისპირეთ ღვთაებრივი კომედიის საკრალურ ეროტიკას).
ფრიდრიხ შილლერმა მე-18 საუკუნეში იგრძნო ევროპის სულიერი კონფლიქტების მოახლოება.”ჩვენი საუკუნე,_სწერდა იგი,_მარიონეტივით ქანაობს სიმახინჯისა და ველურობის სამანებს შორის”.განა იგივე არ ითქმის ახალ ევროპაზე?განა ყოველივე მაღალსა და მშვენიერს განადგურებას არ უპირებს პრაქტიკული ანგარების იდეალებით აღტყინებული ეპოქა?მაგრამ შილლერი იმ ბედნიერი,სათნო და პიეტეტით აღსავსე თაობის წარმომადგენელი იყო,რომელსაც კიდევ შეეძლო ეთქვა:”და საუკუნის გზისასაქცევართან სდგახარ ბრწყინვალე ბზის ტოტით ხელში”.
ერთი ვიკითხოთ მოეძებნება კი ახალ ევროპას უნრუჰს დიტრიხივით მიწიერ და ზეციერ ვნებების შემთავსებელი გული?აქვს თუ არა ახალ ევროპის პოეზიას იმდენი სულიერი ძალა,რომელიც თანამედროვე მექანიურ ცივილიზაციის ინფერნოს ისევ ღმერთებით და მარტვილებით დაასახლებს?იქნება ისევ პოეზია იგი ნარნარი და ნაზი ბეატრიჩე,რომელიც დანტესავით განაწამებ კაცობრიობას სამოთხის დაუნჯებულ ბჭეებში შეიყვანს?მოეპოვება თუ არა თანამედროვე ევროპას ახალი სულობით ავსილობა,მარტვლის ჯიუტობით რომ იტყოდეს:”ჩვენი სარწმუნოება”ჩვენი მტკიცე სიმაგრე?...”
თუ ”ჰო” ითქმის,მაშინ მითოსს მოკლებული დრო დაძლეულ იქნება.
ორაკულის ბრძანებით,მეგობრებმა უფსკრულის პირად დასვეს პსიხე რათა ბინდისას ღმერთს წაეყვანა.
თანამედროვე სულობაც უფსკრულების ნაპირზე მოელის ახალ ღმერთს,ახალ იდეებს.
ღმერთი მოვა,ხმობა უნდა ღმერთს!

კონსტანტინე გამსახურდია,1924 წ.

No comments: